ის „ვალენსიას” ერთ-ერთი კაპიტანი არ არის, მაგრამ გასახდელში ავტორიტეტული სტყვა ეთქმის. მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის კრიზისზე გვესაუბრა, კლუბისთვის ფრიად დელიკატური მომენტი გააანალიზა („ღამურებს” 15 შესაძლებლიდან 1 ქულა აქვთ, ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან) და სხვა თემებთან ერთად „ლივერპულთან” კონტრაქტს, „ოქროს ბურთსა” და მის ცხოვრებაში „მესტალიას” როლსაც შეეხო.

როგორ მიდის გუნდში საქმე?

მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ. „მესტალიას” დახმარებით გამარჯვების გზას უნდა დავადგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

შემდეგი ორი თამაში „ჟირონასა” და „ოსასუნასთან” სწორედ „მესტალიაზე” გაქვთ.

ორივე შეხვედრა ძალიან რთული იქნება. „მეტროპოლიტანოზე” თამაში მძიმე იყო, მაგრამ ის უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა მთავარია მომავალ შეხვედრებში კარგ შედეგს მივაღწიოთ და რთულ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ.

დარწმუნებული ხართ, რომ ამის ძალა შეგწევთ?

რასაკვირველია. ჩვენ ძველი მდგომარეობა უნდა აღვადგინოთ. მწამს, რომ გავიმარჯვებთ.

ცუდი პერიოდი გიდგათ.

დინამიკა აუცილებლად უნდა შევცვალოთ. ზედიზედ ხუთი რთული შეხვედრა გვქონდა. როგორც მწვრთნელი ამბობს, ჩვენი ლიგა ახლა იწყება. საქმის გამოსწორებას ვაპირებთ.

„მესტალიაზე” „ჟირონას” დამარცხებას საკვანძო მნიშვნელობას ანიჭებთ?

ჩვენ „მესტალიას” მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენი სტადიონი სხვანაირია. აქ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ. სტუმრად უფრო გვიჭირს. „ბარსასთან” ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. „ვილიარეალთან” ქულა მოვიპოვეთ. „მესტალიაზე” ასე გაგრძელება გვმართებს.

გულშემატკივრის დახმარებით.

რასაკვირველია. კალაპოტში რომ ჩავვარდეთ, მათი დიდი დახმარება დაგვჭირდება.

„მესტალიას” მადლიერი ხართ?

ქალაქმა ვალენსიამ და მისმა კლუბმა ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ამიტომ მინდა ამ სეზონში გავიღო ყველაფერი, რის გაღებაც შემიძლია.

რა იყო თქვენს კარიერაში საკვანძო?

„ვალენსია”. ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ძალიან დამეხმარა. ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

გასული სეზონი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო?

დიახ, ეს იყო საუკეთესო სეზონი. ბევრს ვმუშაობდი და შედეგიც მოვიდა.

თამასა კი ძალიან მაღლა აწიეთ.

მართალია, მაგრამ წინსვლა კიდევ უნდა განვაგრძო. წინ ჯერაც ბევრია გასავლელი.

„ოქროს ბურთი”?

საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, ეს ოცნება რომ ავიხდინე.

მეოჯახე…

ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის მუდამ მეხმარება. თუ ჩემი ოჯახის წევრები მშვიდად არიან, მეც უკეთ ვთამაშობ.

რას ეტოდით გულშემატკივარს?

ჩვენ ხუთი მძიმე თამაში გვქონდა. ახლა უნდა დავწყნარდეთ და წინ წავიდეთ. რთულ მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მჯერა, რომ შევძლებთ.

ანდრეს გარსია; superdeporte