მსოფლიო ფეხბურთი ტოტო სკილაჩის გლოვობს. 59 წლის იტალიელი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა. ბოლო დროს, დაავადებამ შემოუტია და ის პალერმოს საავადმყოფო ჩივიკოში (სამოქალაქო საავადმყოფო) დააწვინეს, სადაც გრდაიცვალა. „სკუადრა აძურას” კოლორიტული ვარსკვლავის სიკვდილმა კი საზოგადოებას მისი ბიძაშვილი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი მაურიციო სკილაჩი გაახსენა.

მაურიციო სკილაჩი გულშემატკივრებმა „პალერმოდან” გაიცნეს. ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც მშობლიურ კლუბში ჰქონდა დებიუტი. შემდეგ იყო „ლაციო”, „მესინა”, „რიმინი” და „იუვე სტაბია”. მისი ძალიან ეიმედებოდა იტალიაში წლობით მომუშავე ცნობილ ჩეხ მწვრთნელს ზდენეკ ზემანს, მაგრამ ტრავმიანი იყო და საბოლოოდ ფეხბურთს შეეშვა, ნარკომანი გახდა. ინტერვიუებში მაურიციო სკილაჩი თავის უბედურებას ყოველთვის ექიმებს აბრალებდა, წამალზე ზღვარგადასულ დამოკიდებულებას კი უარყოფდა, მაგრამ ქუჩამ და ნარკომანიამ ისე ჩაითრია, რომ უსახლკარო გახდა. კოკაინისა და ჰეროინის ინტენსიური მოხმარების დამალვასაც აზრი აღარ ჰქონდა. ერთიხანობა მაურიციო ნაცნობის მიერ ნათხოვარ „ფიატ პანდაში” იძინებდა. 2022 წელს მეგობარმა სადღაც პატარა ფართი დაუთმო.

იტალიური გაზეთები წერენ, რომ მაურიციო სკილაჩის ჯანმრთელობა საკვების მუდმივმა უკმარისობამ შეარყია. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ვეტერანსა და მის ძაღლ ჩიჩოზე ზრუნვა პალერმოელმა ენთუზიასტებმა და მოხალისეებმა იტვირთეს. მათ 62 წლის ცხოვრებაგამრუდებულ ყოფილ ფეხბურთელთან საჭმელი და პირველადი აუცილებლობის ნივთები მიაქვთ. უზრუნველყოფენ მის პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას.

„მაურიციო არასრულფასოვანი კვებისგან მძიმე დღეშია ჩავარდნილი. ის ქუჩის საჭმელმა დაღალა. მან გვითხრა, რომ შინაური გემოები ენატრება. ჩვენ ცვლებით ვმუშაობთ და ერთად ვამზადებთ მისთვის კერძებს. მიგაქვს საოჯახო ნივთები”, — განაცხადეს ზემოხსენებულმა მოხალისეებმა.

2014 წელს რეჟისორებმა დავიდე ვიგორემ და დომენიკო რიცომ მაურიციო სკილაჩის შესახებ ფილმი „თამაშგარე მდგომარეობა” გადაიღეს.