„რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება ომახიანად დაიწყო. პირველი ნაბიჯი ტიტულის დაცვისკენ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაიდგა: „თეთრებმა” „შტუტგარტს” 3:1 მოუგეს. შეხვედრა რთული გამოდგა. 83-ე წუთისთვის ანგარიში იყო 1:1 — კილიან მბაპეს გოლს დენიზ უნდავმა უპასუხა — ბოლო წუთებში კი მასპინძლებმა მაინც გაიტანეს ორი გოლი. ჯერ ანტონიო რუდიგერმა შეაგდო კუთხურიდან თავით, შემდეგ კი 18 წლის ბრაზილიელმა ენდრიკმა დაამატა მესამე.
ენდრიკმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა. გოლი ეფექტური გამოვიდა, მან „სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებს და მეტიც, ალბათ მთელს მსოფლიოს აპლოდისმენტები მოსწყვიტა. მთავარი კი იყო გამბედაობა, რომელიც ამ პატარა ბიჭს აღმოაჩნდა. როგორც AS წერს, მან ბურთი შორიახლოს მდგომ ცნობილ თანაგუნდელებს კი არ მიაწოდა, არამედ თავად დაარტყა.
„ის ყვე…ბიანი ბიჭია. კონტრშეტევა იყო და მას კარში დარტყმის გამბედაობა ეყო”, — თქვა მატჩის შემდეგ „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც მთელი შეხვედრა ასე შეაფასა:
„კარგი თამაში იყო. გვქონდა რთული მონაკვეთები, მაგრამ ეს ნორმალურია. იოლი მატჩი არც კი მახსენდება. ჩვენ ყველა შეხვედრის დასაწყისში გვიჭირს, სანამ ჩვენს თამაშს ვიპოვით და თითოეულ მომენტს მეტი ფასი დაედება. ლოგიკურად თამაში იქ უნდა დამთავრებულიყო, როდესაც „შტუტგარტმა” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყების და მოგების ძალა გამოვძებნეთ”.