Rafael Leao of AC Milan competes for the ball with Ibrahima Konatè of Liverpool FC during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD1 match...ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება „მილანისთვის” ცუდად დაიწყო — 3:1 ის ანგარიშია, რომლითაც „როსონერის” „ლივერპულმა” აჯობა, მაგრამ ის ინგლისური გუნდის უპირატესობას ვერ გამოხატავს. არადა, მე-3 წუთზე კრისტიან პულიშიჩის მიერ გატანილმა გოლმა შექმნა ილუზია, რომ „როსონერი” მერსისაიდელებს ტოლს არ დაუდებდა. სინამდვილეში კი გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. 23-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ გაათანარა ანგარიში, 41-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრები გაიყვანა წინ, 67-ზე კი დომინიკ სობოსლაიმ მესამე შეაგდო. ლივერპულელებს მასპინძელთა მეკარის მაიკ მენიოს ტრავმით (მის ნაცვლად კარში 19 წლის ლორენცო ტორიანი ჩადგა) დიდად არც უსარგებლიათ. ჭაბუკ მეკარეზე დიდი პრობლემა ის სივრცეები იყო, რომელთაც პაოლო ფონსეკას შეგირდები ტოვებდნენ. მოჰამედ სალაჰმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. „ლივერპულს” ორი-სამი სხვა საგოლე მომენტიც ჰქონდა.

75-ე წუთიდან მილანელმა გულშემატკივარმა „სან სიროდან” წასვლა დაიწყო. ისმოდა შეძახილები მწვრთნელის მისამართით: „წაეთრიე” და “შენ ხარ ტრ…ში ხიჭვი”. ტიფოზებმა ჯერ კიდევ „ვენეციასთან” თამაშის წინ (4:0) გამოფინეს პლაკატი „საკმარისია თავის მართლება. ეს ბოლო გაფრთხილებაა”. ცნობილი სამხრეთის ტრიბუნა (Curva Sud) 92-ე წუთამდე ამხნევებდა თავის გუნდს, მერე კი დაიწყო პროტესტი და შეძახილი: გვეჩვენეთ თქვენი ყვ..ბი!

„ლივერპულთან” შეხვედრის დამთავრების შემდეგ ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ მილანელთა ყველა მოთამაშე მივიდა გულშემატკივართან, ბოდიში მოიხადა. ერთადერთი ვინც პირდაპირ გასახდელში შევიდა პორტუგალიელი რაფა ლეაო იყო.

კვირას კი „სან სიროზე” „დერბი დელა მადონინაა” ანუ ქალაქის ორი გუნდი, მტრად გადაკიდებული „მილანი” და „ინტერი” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ამ შეხვედრაში ფონსეკას ბედი გადაწყდება.