ლუჩანო სპალეტი

„ნაპოლიმ” „კალიარის” სტუმრად 4:0 მოუგო. გაიხარეს კამპანიური გუნდის გულშემატკივრებმა. პრესა სავსეა ოპტიმისტური წერილებით. ამბობენ, რომ რომელუ ლუკაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას წყვილი უკვე ჩინებულად თამაშობს და მალე შესაძლოა კვარა-ოსიმენის წყვილსაც აჯობოს, მაგრამ ბევრი „აძურის” მიერ სარდინიაზე ნაჩვენები ფეხბურთით აღფრთოვანებული არ დარჩა. ერთ-ერთი მათგანია წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელმაც დაწერა:

„მე-60 წუთამდე „ნაპოლის” ფეხბურთს არ შეეხედებოდა. შემდეგ კი თამაშის ბედი მოედნის ორ მონაკვეთზე გადაწყდა. „აძურიმ” მეტოქე დაარბია და ახლა ყველა ამბობს, რომ ის ამ გამარჯვებას იმსახურებდა. მაშინ მოდი, გავიხსენოთ: პირველ ტურში, ვერონაში, გუნდმა საშინლად ითამაშა. „ბოლონიაში” პირველი ტაიმის შემდეგ მას უსტვინეს. მესამე თამაში „პარმასთან” მოიგეს, არადა წაგებას იმსახურებდნენ. „კალიარისთან” კი მოგების ღირსნი არ იყვნენ”.

შემდეგ კასანომ „ნაპოლის” მწვრთნელი ანტონიო კონტე გააკრიტიკა. მან თქვა: „ვფიქრობ, მან ფეხბურთელებს უკვე უთხრა, რომ სკუდეტოს მოიგებენ. კონტეს ჩემპიონობა უნდა, მაგრამ თავისებური მიდგომა აქვს. მე ეს მიდგომა არ მომწონს. იმას, რასაც კონტე ამბობობს გუნდი შეასრულებს. ფეხბურთელები მასთან ერთად ცეცხლში გადაეშვებიან. გარდა ამისა, კონტეს ქიმიური კავშირი აქვს ცენტრალურ თავდამსხმელთან რომელუ ლუკაკუსთან, რომელიც იტალიაში ვარსკვლავია, მის გარეთ კი არ ვარგა. ლუკაკუს „კალიარის” მცველ მინასთან დიდი ბრძოლა ჰქონდა, შემდეგ კი ორმა ეპიზოდმა ყველაფერი შეცვალა და ხალხს მხოლოდ ჰაილაითები დაამახსოვრდა. არადა, ლუკაკუს კარგად არ უთამაშია.

კონტეს ერთმა ნათქვამმა შემძრა. ჩემმა ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ხელები ჭუჭყში უნდა ჰქონდეთო. ჩემი გაგებით ეს ნიშნავს სირბილს, სირბილს და სირბილს. სწორედ ეს მეზიზღება ფეხბურთში. კონტემ შეიძლება მართლა მოიგოს სკუდეტო. მას კარგი გუნდი ჰყავს და კვირაში მხოლოდ ერთი თამაში უწევს, მაგრამ ასეთი გამარჯვება ჩემთვის სულერთია. ეს „ნაპოლი” ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობდა, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა. და რას გვთავაზობს მის სანაცვლოდ კონტე? ის ამბობს, რომ გუნდმა უნდა იბრძოლოს, ირბინოს და იომოს. თქვენ მეუბნებით, რომ ასეთი ფეხბურთით დიეგო სიმეონემ მოიგო? მაგრამ ის „ატლეტიკოში” ოცი წელიწადია მუშაობს. „ნაპოლის” ფეხბურთელებს კი იმის გამეორება შეუძლიათ, რაც ჩვენ სპალეტის ხელში ვნახეთ. კონტეს იგივე მიზანი აქვს, მაგრამ მიზნის მიღწევა სულ სხვანაირად უნდა”.