სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ’უნიონე სარდას” თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა” და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე ნადირობა”. ამ ბანერს ლა პენიას განრისხება მოჰყვა მის პოსტს კი უკვე სხვა სარდინიელებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა დაწერა: „იმედი მაქვს, რომ ნეაპოლელთა ბანერს ჩვენი ხალხი მათ ქალაქში საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უნდა გამოვფინოთ სიტყვები: „ნადირობა კამორისტებზე”. ამას მოჰყვა სარდინიელთა ანტინეაპოლური კომენტარები: „რაც დაიბადეთ მას მერე ნაგავი ხართ” და „მთავარია, რომ ნეაპოლელები არ ვართ”.
სარდინიის ჟურნალისტთა ორდენის პრეზიდენტმა ფრანჩესკო ბიროკიმ „რადიო კის კის ნაპოლის” ეთერში ინციდენტს ასეთი პასუხი გასცა: „მე ველაპარაკე კოლეგას, რადგან მისი სიტყვები აბსურდულად მეჩვენა. მან მითხრა, რომ შეცდა. გაირკვა, რომ ის, რაც მან დაწერა კერძო საუბრის ფრაგმენტი ყოფილა, რომელიც სოციალურ ქსელში მოხვდა. მას ამ სიტყვების გასაჯაროება არ სურდა. ვწუხვარ ასეთი რამ რომ მოხდა და რომ შემეძლოს, ჩემი რეგიონის ჟურნალისტის სახელით ბოდიშსაც მოვიხდიდი”.
ბიროკიმ სცადა ყველაფერი გაუგებრობისთვის გადაებრალებინა რათა ლა პენიას პოსტს კუდები აღარ გამობმოდა, მაგრამ „ნაპოლის” ტიფოზები უკვე გაცეცხლებულები იყვნენ. ბიროკის შემრიგებლური ტონის პასუხად მათ დაწერეს: „მაშ, თქვენ უფლება გაქვთ კერძოდ გძულდეთ, ხოლო როდესაც ეს ზიზღი გასაჯაროვდება, ჩვენ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ?” და „აი, ტიპიური იტალიური საქციელი: ცუდად მოიქცევით და მერე ამბობთ, რომ შეცდით და რაც მოხდა გაუგებრობა იყო”.
ხმა აიმაღლა მოძრაობა „ნეო ბორბონიკოს” (სამხრეთული სეპარატისტული განწყობის მიმართულებაა) პრეზიდენტმა ჯენარო დე კრეშჩენცომ, რომელმაც სარდინიელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მოითხოვა. მან თქვა, რომ სარდინიელთაგან ნეაპოლის ზიზღი არ-ახალია. „ამ უმიზეზო სიძულვილს ფესვები ცრურწმენებსა და დისკრიმინაციაზე დაფუძნებულ „სამხრეთულ საკითხში” აქვს გადგმული, რომელიც აგერ უკვე 160 წელიწადია გრძელდება”, — თქვა მან. 160 წელიწადი იტალიის გაერთიანებული სახელმწიფოს დაარსებიდან იგულისხმება.
შეგახსენებთ, რომ კვირას, „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (0:4) მასპინძელმა და სტუმარმა გულშემატკივრებმა ერთმანეთს კვამლის ყუმბარები ესროლეს. მას მერე, რაც ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა, ნეაპოლელმა ტიფოზებმა სარდინიელებს მაშხალები დაუშინეს, რომელთაგან პასუხად სხვადასხვა პიროტექნიკური მასალის ნაკადი მიიღეს. მართალია, ვითარება ჩაცხრა, მაგრამ სტიუარდი დაშავდა. შეხვედრა მცირე ხნით შეჩერდა კიდეც. გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ „ნაპოლის” ერთ-ერთი მწვრთნელი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გაბრიელე (ლელე) ორიალი მოუწოდებდა.