საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს.

ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა.

ტოპ 14

„ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე ტაიმის პირველივე შეტევაში კი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მე-7 იყო ტოპ 14-ის 41-ე მატჩში. დავით ნინიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, გასულ კვირაში საფრანგეთის მთავარ სპორტულ გამოცემა „ეკიპში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინიაშვილი „ლიონიდან“ „ლა როშელში“ გადადის, ოღონდ ამ ტრანსფერის დრო მითითებული არ ყოფილა…

რაც შეეხება ხსენებულ „ლა როშელს“, ატლანტიკისპირა გუნდმა ჩემპიონ „ტულუზთან“ სტუმრად 27:35 წააგო, ხოლო მისმა ქართველმა ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და 52-ე წუთზე თავისი პირველი ფრანგული ლელო გაიტანა. ეს მოხდა ქუნთელიას 24-ე მატჩში ტოპ 14-ის ეგიდით.

ლიდერებიც ესენი არიან – 9-ქულიანი „ტულუზი“ და 8-ქულიანი „ლიონი“. ჩვენთვის საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ ვანო კარკაძემ ტოპ 14-ში 50-ე მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა „მონპელიემ“ 26:7 გასვლაზე მოუგო „პერპინიანს“ რომლის რიგებშიც სადებიუტო შეხვედრა გელა აფრასიძემ ჩაატარა. „პერპინიანი“ და ლიგის დებიუტანტი „ვანი თითო ქულით ბოლო ორ ადგილს ინაწილებენ.

პრო დ2

„ორიაკისა“ და „გრენობლის“ შეხვედრაში 9 (!) ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ტურის სამივე ქართული ლელოც სწორედ ამ მატჩში დაიდო. თუმცა, ლელოების გარდა აქ დაფიქსირდა ერთი კაცის განსაკუთრებულად კარგი თამაში. 42:19 დასრულებულ მატჩში „ორიაკისა“ და საქართველოს ნაკრების მგეზავმა თედო აბჟანდაძემ 22 ქულა დააგროვა – მეტი, ვიდრე მთელმა „გრენობლმა“ თედო ისედაც ცნობილი ჩუბინია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დღესაა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მექულე. თუმცა, ერთ მატჩში 22 ქულა მისი კარიერისთვისაც რეკორდია.

აბჟანდაძემ 3 საჯარიმო დარტყმა გაიტანა და „ორიაკის“ 4 ლელო გარდასახა, მათ შორის ერთ-ერთი – თავისივე. „გრენობლის“ შეტევისას ერთ-ერთმა ორიაკელმა ბურთი ჩაჭრა და ფეხით წინ გადააგდო, იქ კი თედო აღმოჩნდა პირველი, ბურთი აიტაცა და საკუთარი ნახევრიდან ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. ეს იყო აბჟანდაძის მხოლოდ მე-2 ლელო პრო დ2-ში ჯამურად გამართულ 23 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე უკვე 146 ქულაა, მათ შორის 47 – სეზონის 3 თამაშში!

მასპინძელთა შორის თავის გამოჩენა კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა მოახერხა –  კვაჭი ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 50-ეზე შევიდა, ეგრევე დერეფანში ბურთის შესაგდებად გაემართა, მძლავრ მოლს მიყვა და ბურთიც დაამიწა. ეს იყო ლუკას მე-11 ლელო პრო დ 2-ში გამართულ 86 მატჩში.

68-ეზე კი ნიორაძის მსგავსი ლელო ბურჯმა გიორგი პერტაიამ მიითვალა. „გრენობლის“ დებიუტანტი თამაშში ჩართვიდან რამდენიმე წუთში მოლში ჩაება და საჭირო მომენტში მიძალებით ბურთი ხაზსიქით გადადო. პერტაიას გარდა „გრენობლში“ დებიუტი ბორჯღალოსან შუამარბ გიორგი კვესელაძესაც ჰქონდა, ვინც 80 წუთი ითამაშა.