Watford's Giorgi Chakvetadze and Coventry City's Victor Torp battle for the ball during the Sky Bet Championship match at Vicarage Road, Watford....გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” შინ „ქოვენთრისთან” 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ ერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, შესვენების შემდეგ კი გუნდის შეტევათა სული და გული გახდა. 67-ე წუთზე ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ ანგარიში სწორედ მისი მარცხენაფლანგური გარღვევისა და ლანგრით მირთმეული პასის შედეგად გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ უსიამოვნო რაღაც მოხდა — ჩაკვეტაძე წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მატჩის დასრულებიდან ერთი ხანი რომ გავიდა, „უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუმც დაბეჯითებით ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ სავარაუდოდ გიორგის ზურგის სპაზმი ჰქონდა. გასახდელში მას თავისით წამოჯდომა მოუხერხებია.

„უოტფორდ ობზერვერი” კი წერს, რომ მართალია გუნდი შინ კვლავ დაუმარცხებლად მიდის, მაგრამ ცუდია, რომ „ქოვენთრისთან” ჩამორჩენის შემდეგ მოგება ვერ შეძლო. გაზეთის აზრით მინუსია ისიც, რომ გუნდმა შინ ყველა შეჯიბრებაში ხუთიდან ხუთი ვერ მოიგო.

კიდევ ერთი ნაკლი, რომელზეც გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, მორიგი ცუდი სტარტი გახლავთ — „ქოვენთრიმ” „უოტფორდს” პირველივე კუთხურიდან გოლი შეუგდო. და ეს იყო უკვე მესამე შეხვედრა, როდესაც გუნდმა თამაშის პირველი წუთები ჩააგდო.

„უოტფორდ ობზერვერის” ჩამონათვალში მორიგი მინუსი მეტოქის შემტევი ნახევარმცველის ჯეკ რუდონის წინააღმდეგ უფხო თამაში გახლდათ.

შემდეგ (ოღონდ არ ვიცით ეს ნაკლია თუ პლუსი) ხაზი გაუსვეს იმას, რომ დელე-ბაშირუ 7 შეხვედრაში „უოტფორდის” მეათე მეგოლეა. ის, რომ გოლი ყველას გააქვს ალბათ კარგია, მაგრამ გუნდს ბომბარდირი რომ არ ჰყავს, არ ვარგა.

და რასაკვირველია, ყველაზე თვალში საცემი მინუსია უხარისხო დაცვა.

ხუთი ტურის შემდეგ „უოტფორდს” 10 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.