ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშება ხმაურიანი და ამასთანავე, ლამაზი გამარჯვებით გახსნა. „შავი ლომის“ საჭესთან რიჩარდ კოკერილის პირველმა გამოჩენამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო – ჩვენმა გუნდმა ესპანეთის ქალაქ ბურგოსში სეზონის სტარტისთვის მოულოდნელად მაღალი დონის რაგბი ითამაშა და ადგილობრივი „იბერიანსი“ ძალიან დიდი სხვაობით დაამარცხა – 54:3!

ამ გუნდების ყველა წინა შეხვედრა თბილისის „ავჭალაზე“ შედგა და ყოველ ჯერზე ჩვენი გუნდი იმარჯვებდა, თუმცა ამხელა სხვაობა პირველად დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირას ქართველები სტუმრად თამაშობდნენ.

8 ლელო (თითო ტაიმში 4-4), ლუკა მატკავას 7 გარდასახვა – ასეთია ქართული 54 ქულის არითმეტიკა. თუმცა, სანახაობა იმისთანა გამოვიდა, ნებისმიერ დონეს რომ დაამშვენებდა.

შეხვედრაში ფრენჩაიზის 9 დებიუტანტმა მიიღო მონაწილეობა და 8-დან 4 ლელო სწორედ მათ ანგარიშზეა: თავი გარემარბმა ამირან შვანგირაძემ, 9 ნომერმა დავით ხუროშვილმა და ორჯერ – მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ გამოიჩინეს. „ძველებიდან“ თითო ლელო ბურჯმა დათო აბდუშელიშვილმა, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა და შუამარბებმა – თორნიკე კახოიძემ და დემე თაფლაძემ გაიტანეს. მატკავამ მხოლოდ მამუკაშვილის ლელო ვერ გარდასახა, თუმცა ამასობაში 14 ქულით კი დაასრულა თამაში.

რამდენიმე ლელო იშვიათი სილამაზისა იყო, „შავი ლომის“ თამაში – მძლავრი, გონიერი და უსწრაფესი იყო, თუმცა, ტექნიკური წუნის წილიც ერთობ მაღალი გახლდათ, რასაც სეზონის დებიუტს თუ მივაწერთ, თორემ ამდენი უნებლიე შეცდომა ხვა დონის მეტოქესთან მაგრად დაგვაზარალებდა.

მაშ ასე, „შავმა ლომმა“ ბურგოსის სტადიონზე გაინავარდა 5 ქულაც მიითვალა. მომდევნო მატჩი ლისაბონშია, სადაც ქართველების მეტოქე პორტუგალიური „ლუზიტანუშია“. ეს მეტოქე უფრო სოლიდური უნდა იყოს – პირველ ტურში ლუზიტანიელებმა ესპანელ იბერიელებს საკუთარ მოედანზე 36:18 აჯობეს. პორტუგალიურ-ქართული ჯახი 21 სექტემბერს 21 საათზე დაიწყება.