Cristiano Ronaldo of Portugal shakes hands with Khvicha Kvaratskhelia of Georgia as he is substituted off during the UEFA EURO 2024 group stage match...„ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდი აცხადებს, რომ გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად „პარტენოპეელთა” აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხვიჩა კვარაცხელია. ახალი სეზონის პირველ თვეში ქართველმა გარდა იმისა, რომ ზოგადად კარგად ითამაშა, „ბოლონიასთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. იმაში, რომ ნეაპოლელები 3 ტურის შემდეგ ორი მოგებით მე-6 ადგილზე არიან, კვარას წვლილი დიდია.

კვირას, 15 სექტემბერს „ნაპოლი” და მისი ქართველი ვარსკვლავი სარდინიაზე „კალიარის” სტუმრობენ. იტალიური წყაროები წერენ, რომ კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც მან ალბანეთისა და საქართელოს ნაკრებთა შეხვედრაში მიიღო, სახიფათო არ აღმოჩნდა და ის პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება.

კვარაცხელიას „კალირის” წინააღმდეგ ორჯერ აქვს ნათამაშევი. ორი თამაში ბევრი არ არის, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ როდესაც ქართველი მოედანზეა, სარდინიელები „ნაპოლის” ვერ უგებდნენ. გასულ სეზონში ხვიჩამ „კალიარის” გოლიც გაუტანა. ის შეხვედრა „აძურიმ” 2:1 მოიგო. მეორე თამაში კი 1:1 დამთავრდა.

კვირის მატჩი ანტონიო კონტესთვის იმიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს იქნება მომზადება 21 სექტემბრის დიდი შეხვედრისთვის „იუვენტუსის” წინააღმდეგ.

ამასობაში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეუტია.

„დე ლაურენტისმა ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა. ასეთ რამეს მისგან არ ველოდი. წელიწადნახევრის თუ ორი წლის განმავლობაში მან კვარასთვის კონტრაქტის განახლებას თავი ვერ მოაბა. არადა ფეხბურთელი დაუყოვნებლივ იმსახურებდა ჯამაგირის გაზრდას. ის ხომ სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო.

ახლა, როგორც ვხვდები, კვარა 8 მილიონს ითხოვს, მე კი არ ვიცი სურს თუ არა კლუბს ასეთი ხელფასის გადახდა. ანდა დათანხმდება ფეხბურთელი 7 მილიონს?

რა საჭირო იყო ამხელა დაყოვნება? რა საჭირო იყო კვარაზე ფულის დაზოგვა?” — დაწერა პედულამ.