საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ტირანაში 1:0 მოუგო ალბანეთის ნაკრებს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა:

„ეს იყო თამაში 50-50-ზე რომლის ბედიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ტაქტიკური შეხვედრა გამოვიდა, სადაც მარცხდება გუნდი, რომელიც გოლს უშვებს. საქართველოსნაირ გუნდთან თუ გოლი გაუშვი, ანგარიშის გათანაბრება ძნელია. მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ჩეხეთის ნაკრებსაც იგივე გაუკეთეს. ჩვენ და ისინი ერთი სტილით ვთამაშობთ. ორივენი დაცვაში ვრჩებით. ისინი კონტრშეტევებზე არიან ძლიერები. ასეთ მოწინააღმდეგესთან როდესაც გოლს უშვებ, მერე გათანაბრება ძნელია.

მათ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, თავს კარგად იცავენ, მეტისმეტად სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოდიან. მაგრამ ეს შეხვედრა მათთვისაც რთული იყო.

საუკეთესო შედეგი ფრე იქნებოდა. სამწუხაროდ გოლი გავუშვით. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი.

არც სეფერია ცენტრალური თავდამსხმელი და არც უზუნი. უზუნის სივრცეების გამოყენება უყვარს, მაგრამ ეს არ იყო იმ ყაიდის შეხვედრა, რომელშიც ის სისწრაფეს და სივრცეს გამოიყენებდა”.