უნგრეთში დაიწყო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც 184 ქალთა და 197 ვაჟთა გუნდებს შორის, ჩვენებიც არიან. ცხადია, ქალების იმედი უფრო გვაქვს, რადგან ტურნირზე მესამე ნომრად არიან განთესილნი და მედლების უპირობო კანდიდატებად ითვლებიან.
პირველ ტურში ჩვენი ქალთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, პირველ დაფაზე ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე დავასვენეთ და მის ნაცვლად ლელა ჯავახიშვილმა ითამაშა, რომელმაც ესა როუდა მე-20 სვლაზე დააშამათა; მეორე დაფაზე ნინო ბაციაშვილი შავებით ვაფია ალ მაამარის შეხვდა და მეტოქის წინააღმდეგობა ენდშპილში გატეხა; მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილიმა ესა მარიამი აიძულა 40-ე სვლაზე დანებებულიყო; მეოთხე დაფაზე შავებით მოთამაშე სალომე მელიამ ესია ანოუდ 42-ე სვლაზე დაამარცხა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები ტურნირზე 32-ე ნომრად არის განთესილი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჯერსის კუნძულების გუნდისთვის 4:0 მოეგო. ერთია, მეტოქე ძალიან სუსტი იყო…
დაფების მიხედვით მიხეილ მჭედლიშვილმა ჯემ გურნერი დაამარცხა, ნიკოლოზ კაჭარავამ – პოლ კარპენტიე, ლუკა პაიჭაძემ – კშიშტოფ ბელზო, ბაადურ ჯობავამ – გარი ფორბსი.