Giacomo Raspadori of Italy in action during the UEFA Nations League 2024/25 League A Group A2 match between Israel and Italy at Bozsik Stadion on...ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს” მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ შეიყვანა მოედანზე, ხოლო ისრაელთან 63 წუთის შემდეგ შეცვალა. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საფრანგეთს გოლი გაუტანა, ისრაელის მეკარემ კი მისი დარტყმული მოიგერია, რასაც მოის კინმა დაამატა და „სკუადრა აძურამ” ასე შეაგდო მეორე გოლი. ამ ორი ეპიზოდის გარდა რასპადორიმ ხსენებულ ორ შეხვედრაში ზოგადადაც კარგად ითამაშა.

ადვილი შესამჩნევია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ნაკრებში თავს გაცილებით უკეთ წარმოაჩენს ვიდრე კლუბში. პარიზული შეხვედრის შემდეგ მან თქვა: „დღეს მათამაშეს პოზიციაზე, სადაც ყველაფერი უკეთ გამომდის. როგორც მეორე თავდამსხმელი ორ ფაზაში ვმონაწილეობ, დაცვაში ჩავდივარ და ვუტევ კიდეც. ასეთ დროს საუკეთესო თვისებებს ვამჟღავნებ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი თვისება თამაშის წაკითხვა და თანაგუნდელებისთვის თავის შეთავაზებაა”, — თქვა 24 წლის ფეხბურთელმა.

„ნაპოლიში” კი საქმე სხვანაირადაა. ანტონიო კონტე მას სერია A-ს პირველ სამ ტურში ენდო, მაგრამ ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშა. ამ სამ შეხვედრაში რასპადორიმ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. calciomercato წერს, რომ მისი ცხოვრება „ნაპოლის” მაისურში რთული საკითხია — აქ საქმეში ტაქტიკაა ჩარეული.

შეხვედრა, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა რასპადორის პრობლემის კარგი ილუსტრაცია გახლავთ. ის კლასიკურ 9 ნომერთან მატეო რეტეგისთან წყვილში მოქმედებდა. თავისუფლად გადაადგილდებოდა შეტევაში და მოწინააღმდეგეთა დევნის მკაცრი ვალდებულებაც არ ჰქონდა. რასპადორი მეტოქის კარისკენ ზურგით კი არა, სახით იდგა. ასე თამაშის ფუფუნება მას „ნაპოლიში” არ ეძლევა, რადგან იქ არიან გარემარბები კვარაცხელია, დავიდ ნერეში და მატეო პოლიტანო. მათი დახმარებით კონტე თამაშს მოედნის მთელს სიგანეზე შლის.

უნივერსალურობა, რომელიც რასპადორის სასარგებლო ფიგურად აქცევს, ფეხბურთელს ბუმერანგივით უბრუნდება. არადა, ნაკრებში ჯაკომომ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მნიშვნელოვანია იტალიაში მეორე თავდამსხმელის ყოლა. კვარას მიერ შეზღუდულმა და შეტევის სისტემებში ვიქტორ ოსიმენისა და ლუკაკუსთვის მსხვერპლად შეწირულმა რასპადორიმ იტალიური საიტის აზრით როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. თუკი ის ამ სეზონშიც მეორეხარისხოვანი როლისთვის იყო განწირული, ხომ არ აჯობებდა დამშვიდობებიდა „ნაპოლის” და გადასულიყო ისეთ გუნდში, სადაც პირველ პოზიციაზე ეყოლებოდათ? ამბობენ, რომ ზაფხულში მისი შეძენით „იუვენტუსი” და „ატალანტა” იყვნენ დაინტერესებულები.