დასრულდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელიც საინტერესო და სენსაციური გამოდგა. მამაკაცთა შორის სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. მთავარი სენსაციები კი მეორე წრიდან დაიწყო – კარლოს ალკარასი მოულოდნელად ნიდერლანდელ ვან დე ზანდშულპმთან დამარცხდა. ესპანელს შემდეგ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი მიჰყვა… ამ ყველაფერის შედეგად ფინალში იანიკ სინერი და ტაილორ ფრიცი გავიდნენ. სინერი ამ ეტაპზე პირველი ჩოგანია და იტალიელს არც ფინალის მოგება გასჭირვებია – 6:3; 6:4; 7:5…

პირველი სეტი სინერის ბრეიკით დაიწყო, რასაც ფრიცმა მალევე უპასუხა. თუმცა, სეტის ბოლოს იტალიელმა ორი ჩაწოდება აართვა მეტოქეს და 1:0 დაწინაურდა. მეორე სეტში სინერმა ამერიკელს მე-10 გეიმი წაართვა და უპირატესობა გაზარდა. ფრიცს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, მესამეში ტემპსაც მოუმატა და 5:3 დაწინაურდა. თითქოს ამერიკელს თამაშის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა სინერი და სეტის ბოლოს ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს სინერის მეორე დიდი სლემის ტიტულია და ორივე წელს მოიგო – პირველი ავსტრალიაში…

ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა. რეიტინგის მეორე ნომერმა ჯესიკა პეგულა დაამარცხა და კარიერაში მესამე დიდი სლემის ტიტული მოიგო – 7:5, 7:5. ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ სეტში საბალენკა 5:2-ს იგებდა, მაგრამ ამერიკელმა მოუმატა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ბოლოს ისევ ბელარუსმა იმძლავრა და სეტიც წაიღო. ბრძოლა მეორე სეტშიც გაგრძელდა. თავიდან 3:0 საბალენკა დაწინაურდა, მაგრამ იქვე 3:5 ჩამორჩა. თუმცა, პეგულამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და საბალენკამ ტიტული მოიგო.
