სალვატორე ესპოზიტო ჯენარო სავასტანოს როლში

ნეაპოლში ეტყობა მართლა ყველა გიჟია, ყოველ შემთხვევაში როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება. რადიო Punto Zero-ს გადაცემა Napoli Magazine Live-ს ინტერვიუ მისცა ცნობილმა იტალიელმა, კერძოდ ნეაპოლელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალებიდან „გომორა” და „ფარგო”. ესპოზიტომ ფეხბურთზე ილაპარაკა, „ნაპოლის” ამბები გაარჩია:

…„ნაპოლის” ტოპ-ევროპული კლუბის საკადრისი სატრანსფერო ზაფხული ჰქონდა. ჯერ კიდევ დარჩა საყიდელი გარემარბი და მეორე ცენტრალური მცველი, მაგრამ წინ იანვრის ბაზარია. სკოტ მაკტომინეი და ბილი გილმორი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, მათ ეს დაამტკიცეს და შეუძლიათ კონტეს თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ. გილმორი ორსაყრდენიანი ცენტრალური ნახევარდაცვისთვის ზედგამოჭრილი ფიგურაა, მაკტომინეი კი უფრო შემტევი ნახევარმცველია. მე მას სამკაციან შუახაზში ვხედავ…

…ლუკაკუ ის ცენტრალური ორიენტირია, რომელიც გუნდს მიმართულებას აძლევს. მე მირჩევნია მან ცოტა ნაკლები გაიტანოს, მაგრამ მეტი საგოლე პასი შეასრულოს…

…კონტე სწორედ ის კაცია, ვინც გასულ სეზონში ასე სჭირდებოდა „ნაპოლის”. ის არის ფიგურა, რომელსაც გულშემატკივრის ენთუზიაზმის თავიდან ანთება შეუძლია…

…ნერეშის თამაშს ვიცნობდი. სასიამოვნოდ გამაკვირვა, თუ როგორ ჩაერთო ის სერია A-ში. ჯერჯერობით ცოტა წუთი ითამაშა და უკვე ორი საგოლე პასი შეასრულა. ეს ძალიან კარგი შედეგია…

…„ინტერი” ყველას ერთი თავით აღემატება. „ნაპოლი”, „იუვე”, „მილანი” და „რომა” კი პროგრესის გზას ადგანან. მაგრამ „ნაპოლის” შეუძლია კონკურენტებს ტოლი არ დაუდოს და ოთხეულში მოხვდეს.