ბოთლი არ უსვრია, არ გაბრაზებულა, არ იგინებოდა. ასე თუ ისე უემოციოდ იდგა, ნიკაპი თითებში ჰქონდა მოქცეული და ასე უყურებდა ჩეხური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩს. 1:4 საქართველოში. „ეს იყო საშინელი სპექტაკლი. თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ამიერიდან მოგება უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ აღარაფერი მესაქმება. პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ”, — თქვა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ერთა ლიგაში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ.
ხვდებით რა მოხდა თბილისში?
ჩვენ საშინლად ვითამაშეთ და ამას რასაკვირველია ვხვდებით. ქართველები მოქმედებდნენ სახით კარისკენ და ჩქარა, ჩვენ კი ზურგით კარისკენ და ნელა. მეორე გოლის შემდეგ მთლიანად ამოვვარდით კალაპოტიდან. სრული უფლება გაქვთ გვაკრიტიკოთ. საშინლად ვითამაშეთ.
ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა შარშანდელ 0:3-ს ალბანეთში. ის მატჩი ნანახი გაქვთ?
ნანახი მაქვს და დიახ, მართალი ბრძანდებით, ძალიან ჰგავდა. კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის ძალა, იარაღი და სისწრაფე. ჩვენ ეს ყველაფერი ვიდეოზე გავარჩიეთ, მაგრამ ბურთის ყოველი დაკარგვის შემდეგ სწორ პოზიციაზე დაბრუნებას მაინც ვერ ვახერხებდით. თამაშის წინ ვამბობდი, რომ უპირატესობა ექნება იმ გუნდს, რომელიც პირველ გოლს გაიტანს. ჩვენ ვერაფერს ვასწრებდით. მეტოქის სისწრაფე და ხარისხი გარდამავალ სიტუაციებში ჩვენსას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
მომხდარს რას აბრალებთ? არასწორ ტაქტიკას თუ მოთამაშეების არასწორად შერჩევას?
მე და ჩემი თანაშემწეები ყველაფერს განვიხილავთ, ანალიზს ჩავატარებთ. როგორ მოიგებ მატჩს, რომელშიც კარგად მხოლოდ პირველ 20 წუთს და ბოლო 10 წუთს თამაშობ? როდესაც მთელი გუნდი იმედს გიცრუებს, რთულია იმაზე ფიქრი ვინ უნდა გამოიყვანო, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ოპტიმალურად ერთმა ფეხბურთელმაც ვერ ითამაშა.
რა შეიძლებოდა გეღონათ იმ არეულიბოს საწინააღმდეგოდ, რომელიც მოედანზე ტრიალებდა? გარდა იმისა, რომ შესვენებისას ორი ყველაზე სუსტი ფეხბურთელი ჩვანჩარა და კრალი შეცვალეთ.
საქართველომ მოედნის ცენტრში გვაჯობა. მომიწია ნახევარდაცვის გაძლიერება, საქმეში შემტევი ფეხბურთელების ჩართვა, რათა მეტოქის დაცვა გაგვერღვია. ამიტომ შევიყვანე მოედანზე, მაგალითად, ლინგერი მაგრამ მან სათანადოდ ვერ ითამაშა.
ეს იყო თქვენი მეოთხე ოფიციალური მატჩი ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი რანგში და მესამე მარცხი იწვნიეთ. ვერ იგებთ. ევროპის ჩემპიონატი ჩავარდა. ეს შედეგი ხომ არ გთრგუნავთ?
ეს შედეგიი რასაკვირველია მოსვენებას არ მაძლევს. ფეხბურთელებმა სამშაბათს უკრაინასთან უნდა გამოასწორონ მდგომარეობა. მათ შანსი მიეცემათ, რომელსაც უნდა ჩაებღაუჭონ. მათ სხვა სახე უნდა აჩვენონ. ის რაც ჩვენ საქართველოში ვაჩვენეთ ჩეხურის ფეხბურთის რეკლამა ნამდვილად არ იყო.
თამაშის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების გასახდელი კარგა ხნით ჩაკეტეთ. რა ითქვა ჩაკეტილ კარს მიღმა?
ბიჭებმა კარგად იციან, რაც მოხდა. მათთვის ყვირილს ახლა აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მეც რაღაც ვთქვი და მათაც თქვეს რაღაც. სამ დღეში უკრაინასთან გულშემატკივრის წინაშე ბოდიში სულ სხვა ფეხბურთით უნდა მოვიხადოთ. მოედანზე სხვა გუნდი უნდა გავიდეს.
ჯოჯოხეთურმა ატმოსფერომაც ხომ არ იმოქმედა? ემოციური ქართველები სტადიონს მიღმა ხეებიდანაც კი გულშემატკივრობდნენ თავიანთ გუნდს.
ყველას სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ურჩევნია. ცარიელი ტრიბუნები საშინელებაა. ქართველები ეიფორიაში არიან. ამბობენ, რომ თამაშს მთავარ მოედანზე კიდევ ასი ათასი კაცი დიდ ეკრანზე უყურებდა, მაგრამ არა, ატმოსფეროს გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. ჩვენ თვითონ გავაფუჭეთ ყველაფერი. თან თამაში ახალი დაწუებული იყო, როდესაც მარცხენა ფრთაზე რინესი დაშავდა და ამის გამო ერთი შეცვლა დავკარგეთ.
იან პალიჩკა, idnes