აშკარად ჩვენი ტურნირია ერთა ლიგა. მორიგი გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა გერმანულ ევრო 2024-ზე დაწყებული ზღაპარი გააგრძელა. თუმცა ბიჭები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საქმე მთლად ზღაპართანაც არ გვაქვს. კვლავ თავგანწირვა, ჟინი, ხალისი და მაღალი კონცენტრაცია. ევროს შემდეგ ჩვენი გუნდი აშკარად გაიზარდა. მთავარი კი ალბათ ის მენტალობაა, რაც ყოველთვის აკლდა ჩვენს ეროვნულ გუნდს.
ერთა ლიგის მორიგი გათამაშების პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა „მესხზე” ჩეხეთს უმსპინძლა და 4:1 დაამარცხა… რაც მთავარია, თამაშით აშკარად აჯობა.
საწყის წუთებში სტუმრებმა შემოგვიტიეს და გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია.
ნელ-ნელა ჩვენებურებმა თამაში გაათანაბრეს და მომენტებიც შეიქმნა. ქოჩორშვილის ძლიერი დაეტყმული ოდნავ ასცდა მატეი კოვაჟის კარს.
33-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში ლადისლავ კრეიჩიმ წააქცია, რისთვისაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ზუსტად თავად ხვიჩამ შეასრულა და – 1:0.
შესვენების შემდეგ თითქოს თამაში გათანაბრდა, მაგრამ მერე ქართველები აფეთქდნენ: 53-ე წუთზე კვარაცხელიამ ჩაკვეტაძეს გადასცა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი თავისებური შესანიშნავი დრიბლინგი გვაჩუქა და – 2:0. მერე ლოჩოშვილის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ჟორჟი დაუხვდა და ოსტატური დარტყმით – 3:0. სამ წუთში კი ქოჩორაშვილი და – 4:0. ფანტასტიკა…
დებიუტანტიებიც ვნახეთ: შოთა ნონიკაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომელმაც იტალიურ სერია A-ში გასულ კვირას პირველად ითამაშა „ემპოლიში”.
ბოლოსკენ ოდნავ მოვდუნდით და ჩეხებმა ერთი საპასუხო ბურთი გაგვიტანეს. თავი ლუკას კალვახმა გამოიჩინა.
გაიზარდა ჩვენი გუნდიო ზემოთ ვახსენეთ. ამის კიდევ ერთი დასტური: ევროზე ჩეხეთთან მამარდაშვილმა 11-ჯერ მოიგერია ბურთი, ამჯერად კი მხოლოდ 4-ჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა.
მატჩამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერსაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა „ლიონის“ ფორვარდ ჟორჟ მიქაუტაძეს ევრო 2024-ის თანაბომბარდირის პრიზი გადასცა.
ეფექტურად დაიწყო ჩვენი გზა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისკენ…