Giacomo Raspadori of Italy battles for possession with Ibrahima Konate and Warren Zaire-Emery of France during the UEFA Nations League 2024/25 League...გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – წერს „პარკ დე პრენსზე” საფრანგეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი. ის განაგრძობს: ამ იტალიას არაფერი აქვს საერთო გუნდთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ბრაზისა და სიამაყის გარეშე დატოვა. ბერლინში შვეიცარიასთან თამაშის (0:2 ევრო 2024-ის მერვედფინალში) შემდეგ იყო მხოლოდ სირცხვილი და სტვენა; პარიზში ერთა ლიგაზე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ კი არის მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემა და აპლოდისმენტები.

საბატინი calciomercato-ში წერს, რომ საფრანგეთის რევოლუცია ამჯერად ლუჩანო სპალეტიმ მოახდინა. ფრანგთა ცნობილი დევიზი libertè, egalitè, fraternitè (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) გუშინდელი თამაშის ენაზე რომ ვთარგმნოთ ასეთ რამეს მივიღებთ:

თავისუფლება – იტალიის ნაკრებმა სამი მცველით და ერთი თავდამსხმელით ითამაშა. გუნდი ფიქრობდა ნამდვილ და არა ხელოვნურად გამოგონებულ, თეორიულ ფეხბურთზე.

თანასწორობა – მოედანზე ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებიც უკეთეს ფორმაში იყვნენ. ყოველგვარი წინასწარ დათქმული იერარქიის გარეშე.

ძმობა – ჩვენს თვალწინ იყო ენთუზიასტთა კომპაქტური ჯგუფი და არა უსარგებლო შიდა დაპირისპირებებითა და ახირებული ტაქტიკური იდეებით დაშლილი ნაკრები.

ასეთი გახლდათ „იტალიური რევოლუციის” სამი სიმბოლური სიტყვა და სამი გოლი ზოზინა, თავგასული საფრანგეთის კარში, რომელიც ისე როგორ მისი ლიდერი კილიან მბაპე რეგრესის გზაზე დგას.

საბატინი მკითხველს შეახსენებს, რომ საფრანგეთისა და იტალიის შეხვედრის პირველივე წუთზე ფრანგებმა ანგარიში გახსნეს (ბრედლი ბარკოლამ გაიტანა). შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი დაწყებამდევე დამთავრდა, სინამდვილეში კი ყველაფერი ისე დაიწყო, სპალეტის გუნდის გულშემატკივარი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. (ფედერიკო დიმარკომ, დავიდე ფრატეზიმ და ჯაკომო რასპადორიმ მასპინძლებს სამი გოლით უპასუხეს),  გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – ასრულებს ჟურნალისტი იმავე სიტყვებით, რომლითაც დაიწყო.