Napoli player Matteo Politano in action during the Serie A match between SSC Napoli and Parma FC at Diego Armando Maradona Stadium on August 31, 2024...რადიო CRC-თან ინტერვიუში „ნაპოლის” გარემარბმა მატეო პოლიტანომ გუნდსა და ახალ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე ილაპარაკა. აღსანიშნავია, რომ პოლიტანო 2018-20 წლებში „ინტერში” თამაშობდა, სადაც კონტესთან გადაიკვეთა. „ინტერმა” 2020-21 წლებში კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტო მოიგო.

„კონტეს კვლავ შევხვდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე მისი ხელმძღვანელობით „ინტერში” ექვსი თვე ვითამაშე. მწვრთნელი ძველებურად მოტივირებულია, მზად არის ბევრი იმუშაოს. მაშინდელი „ნერაძური” 3-5-2 სქემით თამაშობდა, დღევანდელი „ნაპოლი” კი 3-4-2-1 განლაგებას მისდევს, მაგრამ ტაქტიკის ცვლილების მიუხედავად კონტეს ვარჯიშების ინტენსიობა იგივეა…

…მე და კვარაცხელია მეოტოქის კართან უფრო ახლოს ვართ, ხშირად პოზიციებს ვცვლით, ჩაკეტილ გუნდებთან ვცდილობთ ვარიაციებს მივმართოთ. ეს ჯერ გზის დასაწყისია. წინ ბევრი სამუშაო გველის…

…ახალი სქემა ხელს არ გვიშლის. ჩვენ წლებია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ზეპირად ვიცნობთ. ზუსტად ვიცით რომელი პოზიციები უნდა დავიკავოთ. ჩვენ შეგვიძლია ისინი გავცვალოთ, მაგრამ სივრცეები ცარიელი არ დაგვრჩება…

…ლუკაკუ ფანტასტიკური ბიჭია. ყოველთვის სჯობს ის შენი თანაგუნდელი იყოს, ვიდრე მეტოქე. მიხარია ისევ მასთან ერთად რომ ვთამაშობ. ის ენთუზიაზმით გავსებს და გუნდს თავისი ძლიერი პიროვნული თვისებებით ამდიდრებს. მისი კარიერა მრავლისმეტყველია. ის ორიენტირია, ბურთს იჭერს და გუნდს შეტევისკენ მოუწოდებს. როდესაც სივრცეს იგდებს ხელთ, ლუკაკუ ცხოველია…

…დავიდ ნერეში? სავსებით მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ძლიერ გუნდს ერთ პოზიციაზე ორი ძლიერი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს. დღეს, როდესაც ფეხბურთში ხუთი ცვლილებაა ნებადართული, ყოველთვის უნდა გყავდეს ვიღაც, ვინც შემოვა და თამაშს შეცვლის. ნერეშმა როგორც მოედანზე ასევე გასახდელში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. დაუყოვნებლივ იქცა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ გაინტერესებთ წარმოვადგენთ თუ არა მე და ნერეში იტალიის უძლიერეს მარჯვენა ფრთას? ამ კითხვაზე პასუხს მოედანი გაგცემთ…

…„პარმასთან” ინტენსიური თამაში გამოვიდა, ბოლო წამამდე ოფლის ღვრა მოგვიხდა, მაგრამ გასულ სეზონში სწორედ ასეთი კომპაქტურობა გვაკლდა. იმ დღეს ჩვენ მენტალური თვალსაზრისით გავიმარჯვეთ, დავიბრუნეთ გუნდური სულისკვეთება და კომპაქტურობა. მატჩის შემდეგ დიდი გარჩევები არ მოგვიწყვია. გავიხარეთ და რამდენიმე დღე დავისვენეთ. მწვრთნელი „პარმასთან” თამაშზე შემდეგ კვირაში დაგველაპარაკება, როდესაც სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ჩვენი თანაგუნდელები დაბრუნდებიან. იმ დღეს აშკარად იყო რაღაცები, რაც კარგად არ გამოგვივიდა…

…მაკტომინეი და გილმორი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ერთად დიდებულ ნახევარდაცვას ქმნიან. ეს ორი ფეხბურთელი ჩვენ დიდ გამოცდილებას და ენთუზიაზმს შეგვმატებს…

…ფორმულა 1? ლეკლერის გამარჯვება გამიხარდა. მინდოდა მონცაში რბოლას დავსწრებოდი, მაგრამ ჩემს გოგონასთან დავრჩი…