საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – 32 წლის ნახევარმცვლმა კონტრაქტი „ნირეგაზასთან“ გააფორმა, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

კვეკვესკირსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა.

„ვფიქრობ, წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ითამაშებს. მოლაპარაკებების დროს დავინახე, რომ ნიკა კვეკვესკირი ძალიან მოტივირებულია, შეეძლო, ისეთი გუნდი მოეძებნა, სადაც უკეთესი ფინანსური შეთავაზება ექნებოდა, მაგრამ მას საქართველოს ნაკრებში სურს დაბრუნება, წინა ოლანზე პროფესიული ასპექტი დააყენა და ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ნიკა ძლიერი ფეხბურთელია, ეფექტურად თამაშობს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, ვიმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა „ნირეგაზას“ სპორტულმა დირექტორმა ტივადარ ფეკეტემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირის დამატებას თბილისის „დინამომ“ და გორის „დილა“ ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი „ნირეგაზას“ სასარგებლოდ გააკეთა.