2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთის ეროვნული გუნდს შეხვდება.
ოთარ კიტეიშვილი: „განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.
ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მათი მხრიდან ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს ველოდებით.
ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.
დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა“.