ვიქტორ ოსიმენი და ოსიტა ოკოლო

ჩირო ვენერატო გახლავთ იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტი, რომელმაც გადაცემაში La Domenica Sportiva (სპორტული კვირადღე) ვიქტორ ოსიმენის შესახებ ილაპარაკა. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა განმარტა, თუ რა შეიძლება მოხდეს ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის.

„ყველა წაგებაშია. ოსიმენს იანვრამდე ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ანტონიო კონტე კი მთელ ფსონს ერთ თავდამსხმელზე რომელუ ლუკაკუზე ჩამოვა”, — თქვა ვენერატომ.

ბელგიელი ვარსკვლავი უკვე „ნაპოლიშია” და თავის პირველ შეხვედრაში „პარმას” გოლიც კი გაუტანა.

შემდეგ ჟურნალისტმა მსჯელობა განაგრძო: „ნიგერიელმა კონტრაქტი იმიტომ გაახანგრძლივა, რომ მას გაყიდვას დაპირდნენ. მაშინ გადაწყდა, რომ ოსიმენი აუცილებლად წავიდოდა. უშუალოდ სკუდეტოს მოგების მერე დე ლაურენტისმა „პარი სენ ჟერმენს” 150 მილიონზე უთხრა უარი. ახალი კონტრაქტის თანახმად მას ხელფასად წელიწადში 10 მილიონი ევრო დაუნიშნეს, გამოსასყიდ თანხად კი 130 მილიონი ჩაიწერა. ბოლო დღეებში „ალ-აჰლიმ” გამოიჩინა ინტერესი, მაგრამ მის მიერ შეთავაზებული 65 მილიონი დე ლაურენტისს ეცოტავა. არადა, საუდის არაბეთის კლუბი თავდამსხმელს წელიწადში 40 მილიონს და ოთხწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა.

„ჩელსისთან” კი საპირისპირო რამ მოხდა: „ნაპოლიმ” ლონდონელების წინადადება მიიღო, თუმცა ოსიმენმა დაიწუნა”.

ერთადერთი კაცი, ვინც ოსიმენის სატრანსფერო ფიასკომ გაახარა მისი სიძე ოსიტა ოკოლო გახლდათ. ადრე ის ცოლის ძმის გარემოცვაში იყო, ერთ-ერთი აგენტთაგანი გახლდათ, მაგრამ ფული ვერ გაიყვეს და მათ შორის შორის შავმა კატამ გაირბინა.

„აურელიო დე ლაურენტისისა და მისტერ კონტეს წყალობით „ნაპოლიში” გაირკვა ვინ არის მთავარი. დანარჩენი გუნდისთვის ერთი თავკერძა კაცის მოშორება დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა. ამ თავკერძამ შესანიშნავი „ნაპოლი” ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ტოქსიკურ გუნდად აქცია. არადა, გუნდზე დიდი არავინაა. ამ ისტორიიდან ყველამ გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ”.