საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება 2 სექტემბრიდან დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მატებაა – ვილი სანიოლმა 23-კაციან განაცხადს ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა გოგლიჩიძე დაამატა, რომელსაც 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ს „ემპოლიში“ დებიუტი ჰქონდა.

„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე დაემატა.

20 წლის ფეხბურთელს 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ში, „ბოლონიასთან“ შეხვედრაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილსა და ლუკა გადრანთან ერთად, სექტემბრის შეკრებაზე გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება“ – ინფორმაცია სფფ-ის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ითამაშებს – 7 სექტემბერს „ჯვაროსნები“ „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებენ, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრებიან.