Romelu Lukaku of SSC Napoli talks with his coach Antonio Conte during the Serie A match between Napoli and Parma at Stadio Diego Armando Maradona on...„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრის (2:1) შემდგომ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს:

დღევანდელი შეხვედრა 100 წუთს გაგრძელდა. რა მოგცათ ამ ასმა წუთმა?

განმიმტკიცდა იმის რწმენა, რაც ბიჭებს ვუთხარი. კერძოდ, ჩვენ სამი ქულის მოსაპოვებლად ოფლი უნდა ვიდინოთ და მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ წარმატებას. ყველა თამაში ბრძოლა იქნება. ვამაყობ იმით, თუ როგორ ჩავატარეთ ეს სამი თამაში, ფეხბურთელების შეზღუდული რაოდენობით. დღეს ნახევარდაცვაში არაფერი შეგვიცვლია. სრული აბსურდია დაიწყო ჩემპიონატი მაშინ, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ჯერ დახურული არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებოდით ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლო დღეს უნდა მოსულიყვნენ. ახლა მათ გუნდთან შესაგუებლად კიდევ დრო სჭირდებათ.

რა უთხარით მოედანზე შესვლის წინ რომელუ ლუკაკუს?

რომელუს შემთხვევაც ტიპურია. მან გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიში მასწრო. მე მას ვკითხე რამდენი წუთის თამაშს შეძლებდა. მან მიპასუხა, რომ ნახევარ საათს ირბენდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ზედმეტი იქნებოდა. საბოლოოდ ის დავიდ ნერეშთან ერთად შევუშვი მოედანზე. ახლა მათ უნდა ივარჯიშინ, ფორმაში უნდა შევიდნენ. რაც შეეხებათ მაკტომინეისა და გილმორს, ისინი ნაკრებში წავლენ და „კალიარისთან” შეხვედრის წინ ჩამოვლენ. ეს ყველაფერი ძალიან ართულებს მდგომარეობას.

რას ეტყოდით გულშემატკივარს, რომელიც გუნდს ზურგით ათრევს?

მათ ჩვენი ბოლო წამამდე სწამთ. ამ ბრმა რწმენას რომ ვუყურებ, სიხარული მიპყრობს. ბიჭები გავაფრთხილე, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველი გოლი არ უნდა გაგვეშვა. ის დაიწყო მეტოქის 35 მეტრიანი რეიდით და მერე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ. ზედმეტად ფაქიზად ვთამაშობთ. თავის მოტყუება არ არის საჭირო, ხშირად იქნება მატჩები, რომლებში ოფლი უნდა ვღვაროთ.

სატრანსფერო ბაზრით კმაყოფილი ხართ? 

ძალიან ძნელია, როდესაც ბოლო წამამდე ხელფეხშეკრული ხარ. ოსიმენის ტრანსფერის საქმე რომ მოგვარებულიყო, ჩვენ გუნდს უფრო ადრე დავაკომპლექტებდით. საბედნიეროდ, კლუბმა მაინც კარგად იმუშავა. ვწუხვარ ოსიმენის გამო, მაგრამ ვწუხვარ კლუბის გამოც. იმის გამო, რომ ის ვერ გაიყიდა, ჩვენს გეგმებს ხორცი ვერ შევასხით. ქედს ვიხრი კლუბის წინაშე.

როდესაც ახალი ფეხბურთელები შეგემატებიან, ნახევარდაცვაში სხვანაირ სურათს მივიღებთ? 

ტაქტიკა ფეხბურთელების პირად მახასიათებლებზე აეწყობა. ვერ ათამაშებ სამკაციან ნახევარდაცვას მაშინ, როდესაც მხოლოდ ორი ნახევარმცველი გყავს. დღეს, მეორე ტაიმში ვინგერები ავწიეთ და 4-4-2-ით დავიწყეთ. მეტოქის კონტრშეტევების გამო დი ლორენცოს ვთხოვე უფრო ყურადღებით ყოფილიყო. ანგისას შეტევაში ჩართვამ კი თამაში მოგვაგებინა. იმთავითვე ყველა ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, მეტ ვარიანტს მოვსინჯავდით. ახლა შევეცდებით, ინტენსიურად ვიმუშაოთ. დღეს თავს ხაზში ჩამდგარი თხი ნახევარმცველით ვიცავდით. გვყავდა ორი შემტევი ვინგერი და ორიც შუა ნახევარმცველი, რომელთაც წინ ედგათ რომელუ. კიდევ ერთი თავდამსხმელის დაყენება შეიძლება, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ჯერ ძირითად პრინციპებში უნდა გავერკვეთ და კარტის შეცვლა მერე დავიწყოთ.

პრესინგის შემდეგ მოედნის შუაში ძალიან ბევრი სივრცე ხომ არ რჩება? 

ჩვენ ვცდილობდით „პარმასთვის” სივრცე არ დაგვეტოვებინა, რათა მათ კონტრშეტევა არ წამოეწყოთ, მაგრამ გოლმა ყველაფერი აგვირია. ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პირველ ტაიმში აგრესია გვაკლდა, ორთაბრძოლებს ვაგებდით. ცოტა უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ბიჭებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ ასეთი შეხვედრები სამკვდრო-საციცოცხლო ხასიათისაა. გოლის შემდეგ კი მათი რეაქცია სწორი იყო. მოიმატა ყურადღებამ და ბრაზმა. ახლა გუნდში ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა და მეტი ცვლილების შესაძლებლობა გვექნება.