საფრანგეთში რანგით მეორე სარაგბო ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყო. პრო დ2-ის სასტარტო ტურში მონაწილეობა ჩვიდიმეტმა ქართველმა მიიღო. ბევრ მათგანს ახალ კლუბში პირველი მატჩი ჰქონდა, ერთს – სულაც პროფესიული დებიუტი.

კოტე მიქაუტაძემ „ბრივში” პირველი მატჩი ჩაატარა — „ოიონაქსთან” 18:9 მოგებაში 35-წუთიანი წვლილი შეიტანა. დამარცხებულებში 58-ე წუთამდე ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიველი მეგობრების გარემოცვაში აღმოჩნდა. შერკინების მწვრთნელი, ლეგენდარული ბორჯღალოსანი, ამავდროულად ბრიველთა იმედების – ჟორჟისა და ანრის მამა გოდერძი შველიძე, გუნდის ბურჯი ვახტანგ აბდალაძე და სხვები ბორჯღალოსანთა 9 ნომერს თბილად მიესალმნენ — 27 წლის ლობჟანიძეს გასული სეზონის შუამდე „ბრივის“ გარდა სხვა კლუბში არც უთამაშია…

„ვალანს რომანში” და ზოგადად, ფრანგულ რაგბში დებიუტი კიდევ ერთ ბორჯღალოსანს — მესამეხაზელ ილია სპანდერაშვილს ჰქონდა, რომელმაც 68 წუთი ითამაშა და გუნდს ბიარიცში სანუგეშო ბონუსის მიღებაში დაეხმარა – 21:23. მასპინძლებში შეცვლაზე გიორგი ნუცუბიძე გამოჩნდა.

„ორიაკმა” სეზონის სტარტი ჩააგდო – შინ „ანგულემთან” 24:31 წააგო. მასპინძელთა სასტარტოში 4 ქართველი იყო, კიდევ 2 შეცვლაზე შევიდა, გუნდმა კი აქცენტი შერკინებაზე, ფორვარდების მიერ მოპოვებულ და თედო აბჟანდაძის მიერ გამოყენებულ ჯარიმებზე გააკეთა და ამ სქემამ 70 წუთი იმუშავა – „ორიაკი” 24:17 იგებდა, თუმცა ბოლო 10 წუთში 2 ლელო გარდასახვის გაშვებამ გუნდი ნუგეშ-ქულის გარეშეც კი დატოვა – 24:31. თედომ „ორიაკში” დებიუტი 14 ქულის დაგროვებით აღნიშნა – 4 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა.

ლუკა გოგინავას „მონ-დე-მარსანში” დებიუტი ჰქონდა, მან მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი შინ „კოლომიესთან” 16:18 დამარცხდა და ბონუსსღა დასჯერდა.

„პროვანსმა” „აჟენს” შინ 21:18 აჯობა და ბონუსი გაატანა. პროვანსელთა რიგებში დებიუტი ბორჯღალოსან თორნიკე ჯალაღონიას ჰქონდა, ხოლო აჟენელთა რიგებში შეცვლაზე მამუკა მსტოიანმა და კლუბის დებიუტანტმა ლაშა მაჭარაშვილმა ითამაშეს.

„დაქსმა” შინ „მონტობანს” 24:12 მოუგო, სტუმართა შორის კი შეცვლაზე ვეტერანი მირიან ბურდული გამოჩნდა.

ერთადერთი დაპირისპირება, რომელშიც ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ლაჟვარდოვან სანაპიროზე შედგა, სადაც ლიგის დებიუტანტი „ნიცა” „ბეზიესთან” მცირე სხვაობით – 9:13 დამარცხდა.

დაბოლოს, ერთი პრფესიული დებიუტის შესახებაც: „ნევერამ” შინ „გრენობლთან” 20:26 წააგო, მასპინძელთა სასტარტოში თორნიკე მატარაძე იყო, ხოლო 50-ე წუთზე შეცვლაზე 20 წლის შუამარბი ნიკოლა რაგოევი შევიდა, ვისთვისაც ეს იყო სადებიუტო მატჩი მოზრდილთა შორის. შეხსენებისთვის, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი რაგოევი შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების წევრი იყო.