„ნაპოლიმ” „ჩელსისგან” რომელუ ლუკაკუ იყიდა და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. იტალიურმა კლუბმა ლონდონელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდამსხმელის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში „ნაპოლი” ინგლისში სატრანსფერო თანხის 30 პროცენტსაც გადარიცხავს.

„დიდმა რომმა” „აძურისთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბელგიელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ ეს გახლავთ თანხა დაქვითვამდე. დაქვითვის შემდეგ მას ხელზე 8 მილიონი დარჩება — ზრდის დეკრეტის სარგებლის საფუძველზე. თუმცა, ეკონომისტობა საჭირო არ არის. უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ლუკაკუ წელიწადში 8 მილიონს მიიღებს.

ფეხბურთელი უკვე ნეაპოლშია და ვარჯიშობს. მან ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ვილა სტუარტში კლინიკის წინ ბევრი გულშემატკივარი მოგროვდა. ლუკაკუმ შეკრებილებს თავი მოაწონა — ერთ-ერთი ტიფოზი, სახელად ალესანდრო მანსი წაიქცა, ის კი წამოდგომაში დაეხმარა.

შემდეგ კი ბელგიელმა პირველი ნეაპოლური ვარჯიშიც ჩაატარა.