7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10-ში უკვე ალბანეთს ესტუმრება. მუსიე ვილიმ გუშინ შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია იმ განვლილ ემოციებზე საუბრით დაიწყო, რომელიც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადა:
„ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, წარსულში გარკვეული შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ მარტიდან მოყოლებული ფეხბურთელებმა გვანახეს, რომ ემოციების დაბალანსება და მათთვის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლიათ“.
რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაში და რა მიზნები დაუსახა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამაზე პასუხი კი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი გამოვიდა.
„ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დავალება და მიზანი არ მაქვს. ერთა ლიგაში წარმატებით თამაში რეიტინგში წინ წაგვწევს და საკვალიფიკაციო ეტაპებზე კალათასაც იცვლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სათამაშო ციკლი ახალი პროექტია, ახალი მიზანია. ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მინახავს. როცა შევხვდები ვეტყვი, რომ ახლა ის დროა, ეს სიხარული და ემოციები დავივიწყოთ და კონცენტრირებული ახალ მიზნებზე ვიყოთ.
ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. შესაძლოა, კარგი და ცუდი შედეგის აღქმა, ჩემთვის სხვა იყოს, თქვენთვის – სხვა. თუმცა, გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ერთა ლიგას ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით, ამბიციური გეგმებიც გვაქვს. მინდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D დივიზიონში იყო, ახლა ორი საფეხურით მაღლა ვართ და ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით. თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია“.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივას, სანიოლი აქაც თავშეკავებულია:
„მომავლის შესახებ რამის თქმა რთულია. მოგეხსენებათ, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება. ჯერ ერთა ლიგას ვითამაშებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მთელ ქვეყანას, ფედერაციას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს გვსურს, რომ განმეორდეს ის, რაც ზაფხულში გამოვცადეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“.
ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე სიტყვა ჩეხეთთან მატჩზეც თქვა:
„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის ჩეხეთთან თამაში ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, ახლაც იგივე გველის და ამისთვის ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ“.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. არიან დებიუტანტებიც, ხოლო რამდენიმე მათგანი მოისაკლისა:
„სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია: კვირკველია და კვეკვესკირი უგუნდოდ არიან, საზონოვს და შენგელიას დიდი ხანია არ უთამაშიათ, ხოლო მექვაბიშვილი ტრავმირებულია. თუმცა, ამით ახალ ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი. ახალი ციკლი კი, ახალი პროექტია.
გადრანი სტაბილურად თამაშობს ყაზახეთში. ჩვენ ევროზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. რაც შეეხება ნონიკაშვილს, ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად გამოიყურებოდა, ახლა უკრაინაში ახალი გამოწვევა ელის, მაგრამ მჯერა, რომ ეროვნულ გუნდში ადაპტაციას კარგად გაივლის, ნაკრებში რადგან გამოვიძახეთ, ნიშნავს, რომ იმსახურებს.
აზაროვის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შენგელია გამოგვაკლდა. მიხარია, რომ ირაკლი დაბრუნდა და შანსი ექნება, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. გუნდში ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც განვითარებაში გვეხმარება. ამას ყველა მწვრთნელი ნატრობს. ყველა ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი საუბარი კი არა, მოედანზე გაკეთებული საქმე იქნება“.
პრესკონფერენციაზე საუბარი ჯიმი ტაბიძეს რუსულ მახაჩყალის „დინამოში“ გადასვლასაც შეეხო:
„მესმის და ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე რუსეთში გადასვლა ფეხბურთელისთვის ოპტიმალური ვარიანტი არ არის. ჯიმისთან არ მისაუბრია, მაგრამ მის მოტივაციასა და გეგმებს მომავალ დღეებში გავარკვევ. როგორც ვთქვი, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და ამ მომენტისთვის უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარია ოპტიმალური ვარიანტები შევარჩიო“.
სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერზე და გურამ კაშიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესახებაც ისაუბრა:
„გიორგის ტრანსფერი ძალიან მიხარია. ჩემი აზრით, „ლივერპული“ მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბში შედის. მის დასამატებლად ბევრი კარგი კლუბი იბრძოდა, მაგრამ „ლივერპული“ საუკეთესო ვარიანტია. მამარდაშვილს ძალიან ხანგრძლივ, წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.
კაშიასთან სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არასდროს მისაუბრია. არც მიფიქრა, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებდა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ დარჩებოდა და კვლავ ჩვენი კაპიტანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მის ასაკში დროა, მომავალზეც იფიქრო, მაგრამ კარგ ფორმაშია, კარგ გუნდში თამაშობს. ის ღვინოსავითაა – რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდება“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.