„ვალენსიამ” „სან მამესზე” უკეთ ითამაშა ვიდრე ვიგოში, მაგრამ ამან ხეირი ვერ მოუტანა. ლა ლიგის მესამე ტურის შემდეგ „შავ-თეთრები” როგორც ქულებით ასევე თამაშის ხარისხით ფსკერზე არიან. გუნდს ბილბაოში თავის დაცვა ჰქონდა დავალებული, რაც ასე აკლდა „სელტასთან”, თუმცა ამჯერად აღარ შეუტევია. „ვალენსიამ” ოთხმოცდაათზე მეტი წუთის განმავლობაში კარში სულ ორჯერ დაარტყა. რაფა მირისა და უგო დუროს წყვილი არ მუშაობს, რაზეც პირდაპირ მიანიშნა ანდრე ალმეიდას შეყვანამ. ადრე დუროსა და ნახევარდაცვის კავშირის წყალობით გუნდი მეტოქის ნახევარზე, ასე თუ ისე, ზედმეტობებისა და ეფექტების გარეშე მაინც აღწევდა რაღაც უპირატესობას, ახლა კი ეს დიდი პრობლემაა, რომელიც ბარახამ უნდა მოაგვაროს. მწვრთნელს იმედი ჰქონდა, რომ მირის შეძენის შემდეგ 4-4-2 სქემაზე გადაეწყობოდა, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ფეხბურთელები ინდომებენ, თამაში კი უხარისხოა ანუ მეტოქის ზონებში შეჭრა მძიმე ბრძოლას მოითხოვს.

„ვალენსიას” კარგად ახსოვს, ორი წლის წინანდელი გავარდნის შიში და ამიტომაც ნერვიულობს სეზონის დასაწყისიდანვე. მითუფრო, რომ კარს მოსდგომია თამაშები „ვილიარეალთან” და „ატლეტიკოსთან”. თუ ამას დავამატებთ ქაოსს, რომელიც პიტერ ლიმმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოიწვია, სწორედ ამ, უკვე ძალიან შესამჩნევ ტურბულენტულობას მივიღებთ. როგორც „სან მამესზე” შეხვედრის დამთავრების შემდეგ უგო დურომ თქვა, ფეხბურთელებს უახლოეს დღეებსა და კვირებში დაძაბვა და ინდივიდუალიზმის გამოვლენა მოუწევთ, არადა ბევრი მათგანი ასაკის გამო ჯერ დაღვინებული არ არის.

გაჭიანურებული ტრანსფერის ბოლოს, ვალენსიელი გულშემატკივრებისადმი გამოსამშვიდობებელ მიმართვაში გიორგი მამარდაშვილმაც გარისკა და თქვა: „ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც”. და მადლობა ღმერთს, რომ „ლივერპულს” ჰყავს ალისონი, რომლის გამოც ქართველი ერთი წლით იჯარის წესით რჩება.

კონრად ვალე, AS