ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლაზე უარს ამბობს. რობერტო კალენდამ, რომელიც ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტია, სოციალურ ქსელში დაწერა:
„ოსიმენი „ნაპოლის” ფეხბურთელია, რომელმაც ამასწინათ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ამ კონტრაქტით ყველა კმაყოფილი იყო. მან „აძურიში” ისტორია შექმნა. როდესაც ჩვენთან სხვა კლუბებიდან წინადადებები მოდიოდა – მათ შორის წინადადებები იყო წლეულსაც, – ჩვენ „ნაპოლის” სურვილებს ვითვალისწინებდით. ადრეც მითქვამს, რომ ჩემი კლიენტი ამანათი არ არის. დაუშვებელია ის შორს გააგზავნო, რათა მის ადგილზე სხვა ამანატი მოიტანო. ვიქტორი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მერვე იყო და ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. საჭიროა მისი პატივისცემა და ბალანსის დაცვა”.
ვითარება კი ასეთია: „ალ აჰლიმ” „ნაპოლის” ოსიმენის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა. ნიგერიელს „პარტენოპეელებთან” 2026 წლამდე აქვს კონტრაქტი. მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევროა.
1998 წელს დაბადებული თავდამსხმელი ნეაპოლში ოთხი წლის წინ „ლილიდან” გადავიდა. მასში იტალიურმა კლუბმა 77.5 მილიონი ევრო გადაიხადა. „ნაპოლის” მაისურით ნიგერიელმა 133 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა და 2023 წელს სკუდეტო მოიგო.
ამჟამინდელი სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბერს იხურება. ოსიმენი ჯერ კიდევ ელოდება ახალ შეთავაზებებს „არსენალისგან” ან „პარი სენ ჟერმენისგან”, თუ არა და მოუწევს საუდელთა შეთავაზების განხილვა. საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 6 ოქტომბრამდე ღიაა.