2024/2025 წლების რეგულარული სეზონი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაიწყება. ეს ლიგა ჩვენთვის იმიტომაა აქტუალური, რომ იმს კლუბებში თითქმის ნახევარი ასეული, 47 ქართველი ირიცხება და უფრო მეტიც, მათი საკმაო ნაწილი ან ბორჯღალოსანია, ან ქვეყნის მთავარი გუნდის უახლოეს რეზერვს შეადგენს. აქ უხვად არიან U20-ის და U18-ის ნაკრებთა წევრებიც.

ყველაზე „ქართული“ კი, ტრადიციულად, კვლავაც „ორიაკია“, რომლის ძირითად და ესპუართა (ახალგაზრდულ) გუნდში ერთბაშად 11 ჩვენი თანამემამულეა, თუმცა რამდენიმე ისეთი კლუბიცაა, რომლებიც სეზონს საერთოდ ქართველების გარეშე იწყებენ – „ანგულემი“, „ბეზიე“, „კოლომიე“ და დებიუტანტი „ნიცა“.

29 აგვისტოს ტურნირის სტარტია, ერთმანეთს „ბრივი“ და „ოიონაქსი“ დაუპირისპირდებიან – საქართველოს ნაკრების საუკეთესო 9 ნომრის, ვასილ ლობჟანიძის ძველი და ამჟამინდელი კლუბები. ბრიველებს ზაფხულში ახალი ხალხი დაემატა – ვეტერანი ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე და მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი, აქვე არიან ირლანდიაში გაზრდილი ვახტანგ აბდალაძე და საფრანგეთში დაფრთიანებული ძმები შველიძეები – გიორგი და ანრი. „ოიონაქსს“ კი, ვასკას გარდა თემურ წულუკიძეც ჰყავს – 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი. თუმცა, სასტარტო მატჩში ახალგაზრდებს ადგილს ალბათ არავინ ანდობს და სეზონს ორივე გუნდი გამოცდილი ხალხით დაიწყებს.

ეს ალბათობა ლიგის ყველა კლუბზე ვრცელდება. ესპუარების საკმაო ნაწილი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ზოგიერთი მათგანი თავისი გუნდის უცვლელი წევრიცაა, მაგრამ მათი ძირითადი მასა ძირითად ჩემპიონატში სეზონის მსვლელობისას ერთვება, როცა გუნდებს საკადრო პრობლემები დაუგროვდებათ ხოლმე.

პრო D2-ის 2024/2025 წლების სეზონში ქართველი ლეგიონერების სრული ჩამონათვალი:

აჟენი (3): ლაშა მაჭარაშვილი, მამუკა მსტოიანი, არჩილ ნოზაძე.

ორიაკი (11): გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ნიკოლოზ კუმარიტოვი, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, ალექსანდრე ბურდული, ლუკა სულუაშვილი, კახა შეყილაძე, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, დაჩი პაპუნაშვილი.

ბიარიცი (3): გიორგი ნუცუბიძე, გიორგი ძმანაშვილი, ნოდარ შენგელია.

ბრივი (5): ვახტანგ აბდალაძე, ომარ ოდიშვილი, ანრი შველიძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი შველიძე.

დაქსი (1): ანდრია გელენავა

გრენობლი (6): გიორგი პერტაია, გიორგი მამაიაშვილი, დავით მჭედლიშვილი, გიორგი ჯავახია, დავით ლაგვილავა, გიორგი კვესელაძე.

მონ-დე-მარსანი (2): ლუკა გოგინავა, იოანე იაშაღაშვილი.

მონტობანი (2): მირიან ბურდული, ბადრი ალხაზაშვილი.

ოიონაქსი (2): თემურ წულუკიძე, ვასილ ლობჟანიძე.

ნევერი (7): ილია კაიკაციშვილი, თორნიკე მატარაძე, ლაშა ფხაკაძე, ლუკა უნგიაძე, ლაშა ჯაიანი, რატი ზაზაძე, ნიკოლა რაგოევი.

პროვანსი (3): დავით გველესიანი, დავით ქუნთელია, თორნიკე ჯალაღონია.

ვალანს რომანი (2): ოთარ გიორგაძე, ილია სპანდერაშვილი.