Vìctor Osimhen of Napoli on July 30, 2024 in Castel di Sangro, Italy.რთულმა სატრანსფერო ზაფხულმა ანტონიო კონტესთვის პირველი კარგი ამბავი მოიტანა: რომელუ ლუკაკუს საქმე მოგვარდა, ბელგიელი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. იტალიელებს „ჩელსისთვის” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, პლუს, თუკი ისინი ვეტერანს ოდესმე სადმე გაყიდიან, ლონდონელები პროცენტებს მიიღებენ. გუშინ კლუბებმა საჭირო დოკუმენტაცია გაცვალეს. ორშაბათ-სამშაბათს თავდამსხმელი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 2027 წლამდე კონტრაქტსაც გააფორმებს. ამრიგად, ლუკაკუ ვიქტორ ოსიმენის ადგილს დაიკავებს, რომელიც „ნაპოლის” ფეხბურთელი ფაქტობრივად აღარც არის.

„ნაპოლიმ” ზაფხულში ორი შეკრება გაიარა, დიმაროსა და კასტელ დი სანგროში. მათში ნიგერიელს აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. მართალია პირველ ბანაკში შედარებით მეტად დაიტვირთა, მაგრამ ერთ ამხანაგურ შეხვედრაშიც არ უთამაშია. ოსიმენი ძირითადად ინდივიდუალური პროგრამით იყო დაკავებული და ასე განაგრძობს ბოლო დღეებში კასტელ ვოლტურნოშიც.

გასული წლის დეკემბერში ოსიმენმა „ნაპოლისთან” გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომელშიც მის გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევრო ჩაწერეს. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეგონა, რომ თავდამსხმელს ამ ფასად იოლად გაყიდიდა. ასე არ მოხდა. სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე ფორვარდი კვლავ მყვიდველს ელის.

ვინ შეიძლება იყიდოს ოსიმენი? ის ერთიხანობა „არსენალს” უნდოდა, მაგრამ მიკელ არტეტამ ცენტრფორვარდებისთვის კარი ჩაკეტა. „ჩვენ დიდებული თავდამსხმელები გვყავს და შევეცდებით მათთან ერთად გავიმარჯვოთ”, ― თქვა ესპანელმა. ზაფხულის დასაწყისში თითქოს არსებობდა სიტყვიერი გარიგება „პარი სენ ჟერმენთან”, მაგრამ ის სიტყვიერ გარიგებადვე დარჩა. ნიგერიელი იმედოვნებს, რომ პარიზელებს ბოლო დღეებში მაინც გაახსენდებათ, მაგრამ 130 მილიონი ევროს გადახდა მდიდარი კლუბებისთვისაც არ არის ადვილი.

პარიზელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ოსიმენი საუდის არაბეთში გაახსენდათ. ცნობილია, რომ ფორვარდს ამ ქვეყნის ჩემპიონატში გადასვლა არ უნდოდა, მაგრამ ჯერ ერთი ახლა სხვა გზა აღარ ჩანს და მეორეც, არაბები უზარმაზარ თანხებს სთავაზობენ. თან, იქ ბაზარი 6 ოქტომბერს იხურება, ასე რომ…

და რჩება კიდევ ერთი ვარიანტი ― „ნაპოლიში“ დარჩენა. კონტე რასაკვირველა ამას მხოლოდ მიესალმება, მაგრამ რამდენად ბედნიერი იქნება თავად ნიგერიელი? და რას იტყვის დე ლაურენტისი, რომელსაც მისთვის წელიწადში 10 მილიონიანი ხელფასი აქვს დანიშნული?