ჩრდილო მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი „ვალენსიაში” დარჩება. არ აქვს მნიშვნელობა გადავა გიორგი მამარდაშვილი სადმე თუ არა.
„ვალენსიაში” „რაიო ვალეკანოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასული გოლკიპერი „ღამურებს” შეუთანხმდა, რომ თუ საჭიროება მოიტანს ის ამ ზაფხულშივე დატოვებს „მესტალიას”, თუნდაც მყიდველმა მასში საპირმტეხლოზე დაბალი ფასი გადაიხადოს. კლუბს შეუძლია ის არ გაუშვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული ხდება მეკარეს ხელფასი მოუმატოს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იმიტომ მოიგოგნეს, რომ მაშინაც უცნობი იყო და დღემდე არ არის გადაწყვეტილი წავა თუ არა მამარდაშვილი „ვალენსიადან”. ქართველის დარჩენის შემთხვევაში დიმიტრიევსკის ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი კი მნიშვნელოვნად მცირდება.
მეორე ვერსიის თანახმად, რომელიც ასევე ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა, დიმიტრიევსკის უფლება აქვს ამ ზაფხულშივე წავიდეს „ვალესნიადან” თუკი მას 3 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ამ შემთხვევაში მეკარე კომპენსაციასაც მიიღებს. შემდეგ კი იგივე მეორდება: კლუბს აქვს უფლება ის არ გაუშვას მაგრამ ამ შემთხვევაში… და ასე შემდეგ.
ასეა თუ ისე, დიმიტრიევსკის კონტრაქტის ამ პუნქტს სექტემბერში ძალა ეკარგება ანუ დარჩენილია თითებზე დასათვლელი დღეები. და აი გუშინ, როგორც მაკედონიელი მეკარის ასევე „ღამურების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიმიტრიევსკი „მესტალიაზე” თავს კარგად გრძნობს და არსად წავა, თუნდაც მამარდაშვილი „ველანსიაში” დარჩეს.
ამასობაში მამარდაშვილი სავარაუდოდ „ლივერპულთან” გააფორმებს კონტრაქტს, ოღონდ ამ სეზონს იჯარით „ვალენსიაში”გაატარებს.