მალე „ლივერპული“ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გიორგი უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელია, თუმც 2024-2025 წლების სეზონს ის ისევ ესპანურ „ვალენსიაში“ გაატარებს…
ამჟამად, მამარდაშვილის აგენტი გიორგი სეთურიძე ლივერპულშია და „წითლებთან“ მომავალი კონტრაქტის ბოლო წვრილმანებს ათანხმებეს. ჩვენ კი თავად ფეხბურთელის უახლოესი წრისგან გავიგეთ, რომ „ლივერპულთან“ გიორგის კონტრაქტი 5-წლიანი იქნება.
აქვე საინტერესო ფაქტიც: „ლივერპული“ ჯერჯერობით ევროპის ტოპ 5 ლიგის ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტრანსფერი არ გაუკეთებია და პირველი შენაძენი სწორედ მამარდა იქნება.
მოკლედ, თავდაპირველი ვარაუდი, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილს დაბევებისთანავე ასევე პრემიერლიგის „ბორნუთში“ ერთი სეზონით გაანათხოვრებდა, არ გამართლდა. თავად ფეხბურთელმა არ ისურვა. არადა, „ლივერპულს“, „ვალენსიასა“ და „ბორნუთს“ შორის ფეხბურთელის განათხოვრებაზე მოლაპარაკება დასრულებული იყო.
სხვათა შორის, პრემიერლიგის რეგლამენტით ფეხბურთელის ყიდვა და იმავე სატრანსფერო პერიოდში, იმავე დივიზიონის გუნდში განათხოვრება აკრძალულია, მაგრამ… მაგრამ რაც არ შეუძლიათ პატარა კლუბებს, შეუძლიათ დიდებს… ასე იქნებოდა ამ შემთხვევაშიც, „ლივერპული“ „ბორნუთში“ მამარდას განათხოვრების საკითხს აგვარებდა, სხვა ამბავია, რომ თავად ფეხბურთელმა არ ისურვა იქ განათხოვრება.
ერთი სიტყვით, მამარდაშვილი ამ თვის ბოლომდე უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელი იქნება და უახლოეს სანაკრებო შეკრებაზეც მსოფლიოს ამ უდიდესი კლუბის წარმომადგენლად ჩამოვა… თუმც, დავძინოთ, ამ სეზონს გიორგი ისევ „ვალენსიაში“ ჩაატარებს.