Giorgi Mamardashvili, watched by Ochotorena, in a training session in...
გიორგი მამარდაშვილი და „ვალენსიას” მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენა

დღეს გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „ვალენსიას” კარს დაიცავს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაზე შეუთანხმდა მისი გუნდის ქართველი მეკარე „ლივერპულს”, დღეს ის მოედანზე იქნება.

ბარახა: „ყველაფერი მარტივია. სანამ არაფერი ხდება, მე შეფასებს არ ვაპირებ. ჰიპოთეზებზე არ ვლაპარაკობ”.

მამარდაშვილმა ამ ზაფხულში ერთ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო მატჩი „ფრანკფურტთან” და ისიც მეორე ტაიმში ქართველი მაკედონიელმა სტოლე დიმიტრიევსკიმ შეცვალა. გასული კვირის განმავლობაში კი სატრანსფერო ვნებათაღელვის მიუხედავად გიორგი სხვა ვალენსიელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. „მარკა” ხაზს უსვამს, რომ მართალია დიმიტრიევსკიმ პრე-სეზონზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ბარახა „ბარსელონასთან” კარში მაინც მამარდაშვილს ჩააყენებს. მწვრთნელი ქართველს ენდობა. ბარახა არ მოიქცევა ისე, როგორც ხავი გერას შემთხვევაში მოიქცა: როდესაც გერას „ატლეტიკოში” გადასვლაზე აქტიური ლაპარაკი მიმდინარეობდა, ბარახამ ფეხბურთელს ნება დართო ვარჯიშებზე არ ევლო, გიორგის კი პირიქით, ვარჯიშს და თამაშს სთხოვს:

„მას „ვალენსიასთან” კონტრაქტი აქვს და სანამ არაფერი შეცვლილა ის ჩვენი ფეხბურთელია. გიორგი „ბარსელონასთან” სათამაშოდ მზად არის. ის ფორმაშია და თუ რაიმე სიახლე იქნება ჩვენ ამას თავად შეგატყობინებთ”, — თქვა „ჩეების” თავკაცმა.

როგორც ცნობილია მამარდაშვილი „ლივერპულში” გადასვლას დაყაბულდა, თუმცა იცის, რომ სულ მცირე ერთ სეზონს პრემიერლიგის სხვა კლუბში გაატარებს. მერსისაიდელები ალისონ ბეკერის შემცვლელს ეძებენ, რომელშიც მათ 2018 წერს 62 მილიონი გადაიხადეს. ბრაზილიელს „ლივერპულთან” კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს.

ქართველის წასვლას „ვალენსიაში” ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს იყვნენ შეგუებულები. ყველას კარგად ესმოდა, რომ ის თანაგუნდელებს შორის სატრანსფერო ბაზრისთვის ყველაზე მისაღები ფიგურა იყო, მაგრამ საქმე ასე თუ გაჯანჯლდებოდა ვერავინ წარმოიდგენდა. გაჯანჯლება კი „ვალენსიას” მიერ დადებულმა ფასმა განაპირობა. როდესაც გამოჩნდნენ პირველი მყიდველები („მარკას” წერილის თანახმად „ნიუკასლი” და „ჩელსი”) მათ გაოცებისგან ელდა ეცათ: „ღამურების” მეპატრონემ პიტერ ლიმმა ქართველი 35-40 მილიონი ევრო დააფასა.