ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა.

ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“?

კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია.

გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან) ისტორიულ მატჩებს და თუნდაც ბრუნო მარსის კონცერტს.

ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ამ წუთის მდგომარეობით თვალით არავის უნახავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეროვნულ სტადიონს სიცოცხლისთვის საშიშ ადგილად მიიჩნევდა.

ამავე დროს დიდი ხანია ცნობილია, რომ პირველი იარუსის ორ სექტორს (რომელთა ქვეშაც ძველი აუზია), პრობლემები აქვს (ჯერ კიდევ სსრკ პერიოდიდან მოყოლებული) და პერიოდულად გამაგრებას საჭიროებს, როგორც, მაგალითად, მოხდა 2015 წელს სუპერთასის მასპინძლობის წინ.

დავუშვათ, რომ პირველი იარუსის ზოგი სექტორი მართლაც ამორტიზებულია, რასაც სხვათა შორის, სტადიონის ადმინისტრაციაც არ უარყოფს. რას ვერჩით პირველი იარუსის დანარჩენ სექტორებს და მეორე იარუსს, რომელიც სტადიონის კონსტრუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ნაგებობაა და არაფერი სჭირს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამაზე თქვა: მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება არასერიოზულიაო.

კობიაშვილმა ეს ახსნა მოუძებნა საქართველოს ნაკრების სეზონის პირველი მატჩის პაიჭაძის სტადიონის ნაცვლად მესხზე ჩატარებას.

„დინამოს“ მეორე იარუსის ტევადობა 40 897 მაყურებელია.

მესხის მთლიანი ტევადობა – 24 700.

სხვაობა – 16 197.

ანუ, ფეხბურთის ფედერაციის შეგნებული გადაწყვეტილებით, 16 196 ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების სტადიონზე „ცოცხლად“ ნახვის უფლება წაერთვა! დამატებით 16 196 გულშმატკივარი „არასერიოზული“ იქნებოდა.

მონიშნულია აუზის თავზე მდებარე სამი პრობლემური სექტორი