„ნაპოლის” სატრანსფერო ზაფხული მხოლოდ ფეხბურთელთა ყიდვისგან რომ არ შედგება ვიქტორ ოსიმენის გაწელილი საქმის გამო კარგად ვიცით. იტალიურმა calciomercato-მ „პარტენოპეელთა” გაყიდვებს მიუძღვნა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით კლუბმა ორი ფეხბურთელი გაუშვა: ნორვეგიელი ლეო ოსტიგორი და დანიელი იასპერ ლინდსტრომი. ოსტიგორი ფრანგულ „რენში” გადავიდა, ხოლო ლინდსტრომი ინგლისურ „ევერტონში”. დანარჩენების საქმე ჯერ არ მოგვარებულა, ასე რომ ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას წინ დატვირთული ორი კვირა ელის.
მთავარ როლში ოსიმენია. მისი „ჩელსიში” გადასვლა ხელ-ფეხს გაუხსნის რომელუ ლუკაკუს რომელიც პირიქით „ჩელსიდან” „ნაპოლიში” გადაბარგდება. მანა ამ დღეებში ლონდონში იყო, სადაც „ლურჯ კოლეგებთან” ნიგერიელი და ბელგიელი თავდამსხმელების გაცვლის საკითხზე იმუშავა, თუმცა „ნაპოლი” ოსიმენში ლუკაკუს გარდა 60 მილიონ ევროსაც ითხოვს. მხარეები სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობენ, ნიგერიელს კი ჯერ მაინც უტრიალებს გონებაში „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ვარიანტი.
„ნაპოლიში” არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ალბათ არ გამოიყენებს და კლუბს მათი თავიდან მოშორება უჯობს. ასეთია, მაგალითად ბრაზილიელი ნატანი, რომელთანაც კონტემ თავიდან სცადა მუშაობა, შემდეგ კი გამოჩნდა „ბეტისი” და ბრაზილიელი იჯარით წაიყვანა. ესპანელები იჯარაში ერთ მილიონს იხდიან, ოღონდ თუკი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა მოუნდებათ, კიდევ 8 მილიონი უნდა დაამატონ.
წამსვლელია ნიგერიეული წარმოშობის იტალიელი ნახევარმცველი მაიკლ ფოლორანშოც. მისი გადაბირებით „ლაციოა” დაინტერესებული. ფეხბურთელის აგენტი მარიო ჯიუფრედი „ლაციოს” მეპატრონესა და პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს უკვე შეხვდა. აურელიო დე ლაურენტისი ფოლორანშოს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.
კიდევ ერთი წამსვლელი ნახევარმცველი გახლავთ შვედი იენს კაიუსტე, რომლის „ბრენტფორდში” გაყიდვა არ გამოვიდა, მაგრამ ახლა „იფსვიჩ თაუნი” აქტიურობს. მისი გადაბირებით დაინტერესებულია „ევერტონიც”.
კონტემ ფოლორანშო და კაიუსტე „მოდენასთან” სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში განაცხადშიც კი არ შეიყვანა. განაცხადში არ იყვნენ აგრეთვე ჯანლუკა გაეტანო და პორტუგალიელი მარიო რუი. ისინი ახალ მწვრთნელს აშკარად არ ჭირდება. გაეტანოს ყიდვა „კალიარის” უნდა, თუმცა კლუბები ჯერ ვერ შეთანხმებულან, მარიო რუი კი კარგ ვარიანტს ელოდება.
ჩამოთვლილთა გარდა არიან ფეხბურთელები, რომელთა საქმეც საჭოჭმანოდაა. ასეთთა შორის სიაში პირველი გახლავთ ჯოვანი სიმეონე. ჩოლიტომ ორი წელიწადი ოსიმენისა და ჯაკომო რასპადორის ჩრდილში გაატარა და ახლა მთავარ პოზიციაზე დაბრუნება სურს. მის შეძენაზე უარს არ იტყოდა „ჯენოა”, მაგრამ არგენტინელის ამბავი მას მერე გაირკვევა, რაც ცნობილი გახდება გადადის თუ არა „ნაპოლიში” ლუკაკუ. თუ ოსიმენი წავიდა, ხოლო ლუაკუ არ მოვიდა, სიმეონეს არავინ გაყიდის.
გასარკვევია ბელგიელი სირილ ნგონგესა და მაროკოელი ვალიდ ჩედირას ამბავიც. პირველს დარჩენის მეტი შანსი აქვს, მეორეს კი ალბათ უფრო გაყიდიან.
ალესიო ძერბინი სავარაუდოდ იჯარით „მონცაში” დაბრუნდება.