შეთავაზება მაგიდაზეა. კვანძის გახსნა ასე ახლოს არასდროს ყოფილა. და ყველაფერი მალე უნდა მოგვარდეს, რადგან უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. „მამარდაშვილის საქმე” წკიპზეა, მაგრამ ბაზრის თვალსაზრისით ის მაინც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. „ლიმის კანონების” შესაბამისად მეკარის ფასი 40 მილიონია. „ლივერპულის” ინტერესი კი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გაძლიერდა, რადგან ინგლისელებს ქართველი მეკარის თავიანთ გრძელვადიან პროექტში ჩართვა სურთ. ამ ვარიანტს უკვე ჰქვია: „ყველაფერი ან არაფერი”. ეს მოლაპარაკებათა ჩაშლის რისკსაც შეიცავს. ორი წარუმატებელი წინადადების შემდეგ „წითლებმა” 35 მილიონის გადახდა გადაწყვიტეს, რაც ახლოს არის იმ თანხასთან, რომელსაც პიტერ ლიმი ითხოვს. შეთავაზება „ვალენსიას” ოფისიდან ლიმს გადაუგზავნეს და ახლა საბოლოო სიტყვა მასზეა. როგორც თავად ფეხბურთელი ასევე მდინარე ტურიასპირა კლუბი ფიქრობს, რომ ტრანსფერი ძალიან რეალურია.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ლივერპული” პირველად და მეორედ კი არა, მესამედ აგზავნის ოფიციალურ შეთავაზებას. პირველ ორზე „ვალენსიამ” უარი შეუთვალა. ამიტომ, ბრიტანული კლუბის განცხადება, თიტქოს მამარდაშვილთან დაკავშირებით შეთავაზებას ამზადებს, ცოტა მოძველებულია. „ვალენსია” კი მდგომარეობას ძაბავს, რადგან ჯერ ერთი მეკარის გაყიდვას მართლა აპირებს და მეორეც — ვაჭრობაში ჩაება. ვალენსიელებმა მკაცრად დააწესეს ფასი: 40 მილიონი ევრო. ამ ეტაპზე „ლივერპულმა” შესთავაზა 35 მილიონი და ისე ჩანს, რომ მეტს არ გადაიხდის.
ახლა საკითხი სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. „ლივერპული” კვლავაც შეეცდება დაიყოლიოს ესპანური კლუბი, მაგრამ მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე არ დაყაბულდება, რადგან მართალია მამარდაშვილი ევროპული ფეხბურთის დღევანდელი და ხვალინდელი დღეა, მაგრამ ბაზრისთვის ეს თანხა რეალური არ არის. ასე ამბობენ ექსპერტები, რომლებიც ფეხბურთელთა ფასებს განსაზღვრავენ. „ვალენსიას” ამის შესახებ ძალიან კარგად მოეხსენება, მაგრამ… ჯიუტად მიჰყვება თავის იდეას. მეკარემ კი ამასობაში თანხმობა განაცხადა „ლივერპულის” გეგმაზე იყიდოს ის და პრემიერლიგასთან შესაგუებლად ერთი სეზონით „ბორნმუთში” გაუშვას. შეთანხმებისთვის ყველაფერი მზად არის. დგას დაძაბული ლოდინის პერიოდი.
დარიო პუიჩი და დიეგო პიკო, Marca