როგორც ჩანს საქმე დაიძრა. ესპანეთის ყველა გაზეთი და პორტალი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. „მარკა” მკაფიოდ ამბობს: „ლივერპულმა” გადაწყვეტილება მიიღო. „წითლებმა” მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტეს. უკვე რამდენი წელიწადია ისინი ალისონ ბეკერის შემცვლელს ეძებენ და იციან, რომ „ვალენსიასგან” ქართველი მეკარის ყიდვით, შედარებით იაფად შეუძლიათ ფურორი მოახდინონ.
მერსისაიდელთა იდეა ასეთია: მამარდაშვილის შეძენა და მისი ერთი სეზონით პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გაშვება. გაშვების ფორმა – იჯარა. სანამ ლეგენდარული კლუბის კარს ჩაიბარებს, ქართველმა ამ კლუბში 40 შეხვედრის განმავლობაში „ფეხი უნდა დაისველოს”. თეორიულად არც ის არის გამორიცხული, რომ „ლივერპულმა” გიორგი იყიდოს და ერთი სეზონით „მესტალიაზე” დატოვოს, თუმცა ეს ვარიანტი ინგლისელებისთვის (და ალბათ თავად გიორგისთვის) კარგი არ იქნება.
„მარკა” ადასტურებს, რომ ფეხბურთელმა „ლივერპულში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ახლა მთავარია „ღამურების” სინგაპურელმა მეპატრონემ პიტერ ლიმმა ინგლისელების შეთავაზებული თანხა მოიწონოს. ზოგიერთი წყარო წერს, რომ ლიმი ჯიუტად ითხოვს 40 მილიონ ევროს. მას ძალიან უნდა თავისი ფეხბურთელების გაყიდვით ფული იშოვოს, მაგრამ ამ ეტაპზე ხავი გერას „ატლეტიკოში” გაშვების გეგმა ჩაიშალა, მოსკერას, პეპელუსა და სხვა გამორჩეულ ვალენსიელებს კი არავინ ყიდულობს.
ინგლისური პრესის თქმით მამარდაშვილის შეძენის შემთხვევაში „ლივერპული” იჯარის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია „ბორნმუთზე”, რომელსაც ესპანელი ანდონი ირაოლა წვრთნის და გიორგის ინგლისურის სწავლამდე სულ მცირე ენობრივი პრობლემა არ შეექმნება. „ვალენსას” შესახებ უკვე მოგახსენეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს „ნიუკასლიც”, რომელიც ზაფხულის დასაწყისში თავად აპირებდა ქართველი მეკარის ყიდვას, მაგრამ 25 მილიონ ევროზე მეტს ვერ იხდიდა.
აქვე გასათვალისწინებელია პრემიერლიგაში მოქმედი წესი: ინგლისურ კლუბებს ეკრძალებათ სხვა ინგლისური კლუბებისგან ერთდროულად ორზე მეტი ფეხბურთელის ყოლა იჯარით. სულ, სეზონის განმავლობაში ნებადართულია იჯარის წესით ოთხი მოთამაშის აყვანა.
ინგლისს გარედან კი ფიფა ექვსი იჯარის ნებას იძლევა. თუმცა 21-წლამდელ ფეხბურთელებზე კიდევ რაღაც გამონაკლისია.