ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის დაწყებამდე ერთი კვირაც კი არ დარჩა, ხოლო სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე თვეც აღარ არის. და რას შვრება „ვალენსია”? პასიურობს.

superdeporte წერს, რომ „ღამურები” უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: უამრავ პოზიციაზე ფეხბურთელი აკლიათ, კარში კი სიჭარბე აქვთ. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულში კლუბმა დაიმატა ჩრდილო მაკედონიელი თავისუფალი აგენტი სტოლე დიმიტრიევსკი, ოღონდ კონტრაქტში თავად ფეხბურთელის მოთხოვნით ჩაიწერა ასეთი პუნქტი: თუ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე გიორგი მამარდაშვილი „ვალენიას” არ დატოვებს, დიმიტრიევსკი მისაღებ თანხად (ანუ ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე) სხვაგან გადავა.

სანამ მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის მერე ისვენებდა, დიმიტრიევსკიმ  ვალენსიელთა სეზონისწინა შეკრების ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი გამოიჩინა. ბოლო შეხვედრაში, „ფრანკფურტთან”, რუბენ ბარახამ ორივე ათამაშა (ქართველი პირველ ტაიმში, მაკედონიელი – მეორეში), მაგრამ „ბარსელონასთან” მოახლოებულ მატჩში ისე ჩანს, რომ მაინც მამარდაშვილი ითამაშებს. superdeporte წერს, მამარდა შაბათამდე სადმე გადამსვლელს არ ჰგავსო: „ვალენსიასა” და „ბარსელონას” პირველი ტურის შეხვედრა 17 აგვისტოს საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

და აი, „ელ ჩირინგიტო” ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურებს”… დიმიტრიევსკის ყოფილი კლუბი, „რაიო ვალეკანო” დაუკავშირდა და ფაქტობრივად თავისივე მეკარის იჯარის წესით გამოსყიდვაზე დაუწყო ლაპარაკი.

ოღონდ, როგორც ვთქვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მამარდაშვილი არსად გადავა. ქართველი მეკარის შესახებ კი „დეილი მეილმა” კვლავ დაწერა, რომ „ლივერპული” მისი ყიდვისა და შემდეგ იჯარით გასხვისების ვარიანტს განიხილავს. თუმცა ინგლისური გაზეთი იმასაც ამბობს, რომ მერსისაიდელებს ახალი გოლკიპერი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჭირდებათ თუკი ირლანდიელი მეკარე კაომინ კელეჰერი სადმე წავა. მთავარი მეკარის, ბრაზილიელი ალისონის ტრავმის გამო კელაჰერს 2023-24 წლების სეზონში „ლივერპულის” კარის დაცვა ბევრ შეხვედრაში მოუხდა.

კელეჰერმა ამ თამაშებში თავი გამოიჩინა და მისი შეძენა ბევრ კლუბს მოუნდა, მათ რიცხვში „ნოტინგემ ფორესტს”, რომლის მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ 25 წლის ირლანდიელის დიდი თაყვანისმცემელია.