საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა 18-წლამდელთა A ნაკრებმა ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილ პატარა ბორჯღალოსნებს 20:3 მოუგო, არადა ანგარიში ქართველებმა გახსნეს და მასპინძელმა ჭაბუკებმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა.
ცხადია, ტაიმის სამივე შედეგიანი მოქმედება ზუსტი საჯარიმო დარტყმა იყო და ჩვენი მხრიდან მე-15 წუთზე თავი კაპიტანმა გიგი სირბილაძემ გამოიჩინა.
სამწუხაროდ, მეორე ნახევარში სამხრეთაფრიკელებმა ჩვენს ბიჭებს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აჯობეს და პირველყოვლისა ეს შეთამაშებასა და გუნდურ თამაშს შეეხება. ზაფხული საქართველოში დასვენებისა და არდადეგების დროა, განსხვავებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან, სადაც ამჟამად ზამთარია და ცხადია, ყველა შიდა სარაგბო ტურნირი სრული სვლით მიმდინარეობს. ამონაშვილის ბიჭებს ხომ აპრილის მერე, ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ არ უთამაშიათ და ეს მათ პირველ აფრიკულ მატჩს აშკარად დაეტყო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მასპინძლებმა ქართველებს ტაიმის დასაწყისში და ბოლოში თითო ლელო-გარდასახვა გაუტანეს და 20:3 იმარჯვეს.
სამხრეთაფრიკული სერიის მომდევნო მატჩს 18-წლამდელი ქართველები 16 აგვისტოს 15:30-ზე ინგლისის წინაამდეგ დაიწყებენ, 20-ში კი, 17:30-ზე ირლანდიას შეერკინებიან.