ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ.
მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) ტოკიოში საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ხარისხობრივად პარიზმა აჯობა. ხარისხობრივად ტოკიოზე უკეთესი მაჩვენებელი 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშებზეც გვქონდა – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ძალოსანი გახდა. ოქროს მედლების რაოდენობით ტალახაძე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს, ვიქტორ სანეევს დაეწია, მაგრამ ჩვენს ლეგენდარულ სამმხტომელს ერთი ვერცხლის მედალიც აქვს. თუმცა, გაჩერებას არც ტალახაძე აპირებს და მეოთხე მედალს,სავარაუდოდ 2028 წელს, ლოს ანჯელესში შეუტევს.
24 წლის ლაშა ბექაური კი, ძიუდოში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ მიიღო მონაწილეობა, რაც ქალთა შორის რეკორდია, ხოლო ოლიმპიზმის ისტორიაში კანადელი ცხენოსნის, იან მილარის მიღწევის გამეორება. თუ ჩვენი ტყვიის მსროლელი ლოს ანჯელესის ლიცენზიასაც მოიპოვებს, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.
ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელსაც (125 კგ.) უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. მსგავსი მონაგარი კიდევ ორ ქართველს – ნინო სალუქვაძეს და ლაშა შავდათუაშვილს – აქვს.
24-წლიანი პაუზის შემდეგ კრივში მედალი გვაქვს – ლაშა გურულმა (63,5 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გურული ქართული კრივის მესამე წარმომადგენელია რამაზ ფალიანის (ბარსელონა 1992) და ვლადიმერ ჭანტურიას (სიდნეი 2000) შემდეგ, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალოსნებზეც ვთქვათ: გულდასაწყვეტი იყო ძიუდოისტი ილია სულამანიძის (100 კგ.) დაკარგული ოქრო. ჩვენებური ფინალს იგებდა, მაგრამ რვა წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო, რაც წაგების ტოლფასი გამოდგა. ვერცხლი ერგო კიდევ ერთ ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს (81 კგ.), რომელიც იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. კიდევ ერთი ვერცხლი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს (97 კგ.) ერგო. ჩვენებური ფავორიტებში არ მოიაზრებოდა, მაგრამ მშვენივრად იჭიდავა და ფინალში შეცდომა რომ არ დაეშვა, არავინ იცის რა მოხდებოდა.
არადა, სულამანიძის ოქროს მედლით, საქართველო საერთო ჩათვლაში 18-ე ადგილზე გავიდოდა.
იყო პრობლემებიც: ისტორიში ყველაზე ცოტა მონაწილით (28) პარიზში ჩავედით. იმედები გაგვიცრუეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. ამ სახეობაში სულ ორი ლიცენზია მოვიპოვეთ, ხოლო მესამე შემთხვევით მოხვდა – რუსი მოჭიდავის ტურნირიდან მოკვეთის გამო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთადერთი გამარჯვება სწორედ შემთხვევით მოხვედრილმა ლაშა გობაძემ (87 კგ.) მოიპოვა, ხოლო რამაზ ზოიძე (67 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ.
ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ატლანტის ოლიმპიურ თამაშების (1996) შემდეგ უმედლოდ მხოლოდ პარიზში დარჩა.
ფორმაში არ იყო ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში სამჯერ გავიდა ტატამზე და სამივეჯერ დამარცხდა. უფრო გულდასაწყვეტი იყო მისი ორი მარცხი გუნდურ შეჯიბებაზე, რომელმაც მედლის მოპოვების შანსი დაგვიკარგა. თუმცა, სპორტია და ყველაფერი ხდება. ლაშა რომ ჩინებული ძიუდოისტია, ამაზე ზემოთ ნახსენები მისი მედლებიც მოწმობს.
გუნდური შეჯიბრება ვახსენეთ და, ძიუდოს ნაკრები პირველია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე ამის უფლება მიიღო.
პარიზში სპორტსმენები სპორტის ცხრა სახეობაში გვყავდა, მედლები კი ოთხში ავიღეთ: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე სულ 47 მედალი გვაქვს მოპოვებული, რაც ხუთ სახეობაზე ნაწილდება. ზემოთ ნახსენებ ოთხეულს ტყვიის სროლა ემატება. წინ, ლოს ანჯელესი 2028 გველოდება…