პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამაში გასაკვირი არაფერია – 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენებური ყველაფერს იგებს, სადაც კი მონაწილეობს.

ასე მოხდა ამჯერადაც. ცოტა კი გვანერვიულა, თუმც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩათვლით, სოხუმელი ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა.

საჩემპიონო ბედი სამეულში რომ უნდა გადაწყვეტილიყო, თავიდანვე ნათელი იყო – ლაშა ტალახაძემ, სომეხმა ვარაზდატ ლალაიანმა და ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე სომეხმა გორ მინასიანმა 210 კილოგრამით დაიწყეს. მეორე მისვლაზე ლაშამ და ლალაიანმა 125 აიტაცეს, მინასიანმა – 216. ლალაიანმა 218 კილო ტყუილად მოსინჯა, ტალახაძის შემდეგი გაჩერება 220 კილო იყო და ჰოი, საოცრებავ – ჩვენებურმა წონა ვერ დასძლია. საბედნიეროდ, ვერც მინასიანმა და ბაჰრეინელი აკვრის წინ კილოგრამით დაწინაურდა.

აკვრა მინასიანმა 245 კილოგრამით დაიწყო და დასძლია. იქვე ტალახაძემ და ლალაინმაც 247 აკრეს და მინასიანს კილოგრამით გადაასწრეს. შემდეგ შტანგასთან ლალაიანი მივიდა – 252 კილოგრამი და გალიდერდა. მინასიანს 255 კილოგრამი გაუცუდდა, ლაშამ აკრა და სათავეში ახლა ის მოექცა. მინასიანს მეორე მისვლაც გაუცუდდა, ლალაიანს პირველ ადგილზე გადასასვლელად 256 კილო სჭირდებოდა, მაგრამ წონას ვერც ის მოერია. შედეგად, ლაშას შტანგასთან მესამედ მისვლა აღარ დასჭირვებია…

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რითიც საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილზეა. თუმცა, 11 აგვისტოს გივი მაჭარაშვილს ფინალი აქვს საჭიდაო.