პარიზის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციამ ვერცხლის მედლით დახურა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში (97 კგ) გივი მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვენებურის ილეთს მეტოქე კარგად დაუხვდა, ქართველი ფალავანი შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში გაიმარჯვა.
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი შვიდი მედალია: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ), თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს კი ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) დასჯერდნენ. როგორც გითხარით, ვერცხლის მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმაც (97კგ). ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოკრივე ლაშა გურულმა (63.5კგ) მოახერხა.