ინგლისური „დეილი მეილი” წერს, რომ „ჩელსიმ” „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ყიდვაზე ხელი აიღო, თუმცა ნიგერიელს ჯერ კიდევ შეუძლია საოცნებო პრემიერლიგაში მოხვედრა. „ჩელსის” კი „ატლეტიკოს” სამუ ომოროდიონის შეძენაზე გადაუტანია ყურადღება.

გაზეთის ცნობით მოლაპარაკებები ლონდონელებსა და მადრიდელებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს. მართალია ომოროდიონმა გასული სეზონი იჯარით „ალავესში” გაატარა, სადაც მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ღირებულება 35 მილიონი ევროა. ამასთან, თავდამსხმელის „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა დამოუკიდებელი ტრანსფერია და კავშირში არ იქნება კონორ გალაჰერის მადრიდში გადაბარგებათან. გალაჰერში „ატლეტიკო” 40 მილიონ ევროს იხდის.

რაც შეეხება ოსიმენს, „დეილი მეილის” ცნობით „ჩელსი” ნიგერიელში 130 მილიონ ევროს არ გადაიხდის. „სქაი იტალია” კი ამბობს, რომ ოსიმენის შეძენით ახლა შეიძლება „არსენალი” დაინტერესდეს. ამრიგად, ამ ეტაპზე ფორვარდით, რომელმაც „ნაპოლის” შემადგენლობაში 133 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა მეტად თუ ნაკლებად დაინტერესებულები არიან „არსენალი”, „პარი სენ ჟერმენი” და საუდის არაბეთის კლუბები. „დეილი მეილი” ადასტურებს, რომ ოსიმენს არაბებისგან გულუხვი შეთავაზებები აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელს პრემიერლიგისკენ მიუწევს გული.