საქართველოში გავრცელდა ხმა, რომ გიორგი მამარდაშვილის გარემოცვა „ლივერპულთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, ესპანური AS კი წერს, რომ ქართველი მეკარის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. მადრიდული გამოცემის ვერსიით 40 მილიონ ევროს, — ეს არის თანხა, რომელსაც „ღამურების” მეპატრონე პიტერ ლიმი 1 მილიონად ნაყიდი მამარდაშვილის სანაცვლოდ ითხოვს, — მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბები იხდიან.

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” კარის მცველმა ხმები არაბული კავშირების შესახებ მყისვე უარყო.

AS წერს, რომ თანხა, რომელსაც არაბები მამარდაშვილს შესთავაზებენ ულაპარაკოდ მომხიბვლელი იქნება, მაგრამ გიორგი 23 წლისაა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ „მესტალიადან” მხოლოდ დიდ ევროპულ კლუბში წავა. ევროპული კლუბები კი, ესპანური გამოცემის ვერსიით, ლიმისთვის სასურველ თანხას ჯერჯერობით ვერ იმეტებენ.

ცნობა, რომელიც AS-მა გაავრცელა განსხვავდება იმისგან, რაც sarbieli.com-თან საუბარში ბატონმა მერაბ ჟორდანიამ არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო:

– დიახ, მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ვიცი, მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გეტყვით – თქვა მან.

„ლივერპულის” ინტერესს მამარდაშვილისადმი სრულიად ადასტურებს „მარკა”, რომელიც ზუსტად იმავე ინფორმაციას ავრცელებს, რაც sarbieli.com-მა დაწერა.