რამდენიმე დღეში (ეგებ საათში) გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელი იქნება! საქმის საბოლოოდ მოგვარებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია…
ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის „ბორნმუთში“ გაატარებს, 2025 წლიდან კი „ლივერპულის“ პირველი მეკარე იქნება. „ლივერპული“ „ბორნმუთთან“ ეს ამბავი შეთანხმებულია. „ბორნმუთი“ გიორგის ელის. რაც შეეხება სადღეისოდ „ლივერპული“ მთავარ მეკარეს, ბრაზილიელ ალისონ ბეკერს, მისი მომავალიც გარკვეულია – ერთი სეზონის შემდეგ ის საუდის არაბეთში გადაბარგდება. არაბებისა და ალისონის ტრანსფერიც უკვე გამზადებულია…
„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებულია. ინგლისელები უკვე ელიან გიორგის ენფილდზე, თავის მხრივ ვალენსიაშიც უკვე იციან, რომ მამარდაშვილი მათი ფეხბურთელი აღარ არის. დარჩა მხოლოდ ერთი – „ლივერპულისა“ და ფეხბურთელი კონტრაქტი, რომელიც ფაქტობრივად გამზადებულია, თუმც გარკვეულ დეტალებზე მოლაპარაკება კიდევ გრძელდება. შევიტყვეთ, რომ ძალიან მაგარი კონტრაქტი იქნება და კიდევ ის, რომ ამ საქმეში ჩართულია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი ფეხბურთის კაცი მერაბ ჟორდანია, რომლის ევროპულ კავშირ-ურთიერთობებზე, ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰოდა, ასეთი სიახლის შემდეგ, აბა, როგორ იქნებოდა თავად მერაბ ჟორდანიას არ დავკავშირებოდით. ის ამჟამად ევროპაშია, ეს ინფორმაცია კი არც უარყო, არც დაადასტურა…
– დიახ, ამ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ვიცი, მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გეტყვით. სჯობს, გიორგი მამარდაშვილის აგენტს დაუკავშირდეთ.
მამარდაშვილის აგენტი, მოგეხსენებათ, ლევან სეთურიძეა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ დავუკავშირდით…
შევიტყვეთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლივერპული“ „ვალენსიას“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმც აქ არ იგულისხმება სხვადასხვა დამატებითი ოფციები, რომლის გათვალისწინებითაც თანხა სავარაუდოდ გაორმაგდება.