Napoli Player Giovanni Simeone in action during the morning training together with Casertana on August 04, 2024 in Castel di Sangro, Italy.„ნაპოლის” ფეხზე დაყენება რომ უძნელესი საქმეა ანტონიო კონტემ იმთავითვე კარგად იცოდა. ნეაპოლელები გასულ სეზონში მეათე ადგილზე გავიდნენ, რამაც გულშემატკივარი გააღიზიანა. დაბალ პოზიციაზე ყოფნა სკუდეტოს ტრიუმფით მოპოვების შემდეგ ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა.

კონტეს მოსვლამ ტიფოზებს იმედი ჩაუსახა. იმედისმომცემი გამოდგა შეკრებები დიმაროსა და კასტელ დი სანგროში. გუნდი ახალ მწვრთნელს აჰყვა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებს ახალ ტაქტიკას. „ნაპოლიმ” პირველი ოთხი ამხანაგური შეხვედრა მოიგო, 12 გოლი გაიტანა და ერთიც არ გაუშვია. ეს ბევრს კარგად ენიშნა, რადგან გასულ სეზონში სულ დაცვის შეცდომებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ბოლო მატჩში „ჟირონასთან” სურათი შეიცვალა.

calciomercato წერს, რომ ესპანელებთან წაგებულ 0:2-ს კონტეს ნამუშევარი წყალში არ გადაუყრია, მაგრამ ფაქტია, რომ თავად მწვრთნელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. მას ეს თამაშის მსვლელობისას სათადარიგოთა სკამზევე შეეტყო. გუნდი დაქანცული ჩანდა და ინიციატივის ხელში აღებას არ აპირებდა. ბურთს ძირითადად „ჟირონა” აკონტროლებდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კონტე „ჟირონასთან” წაგების შემდეგ პრეს-კონფერენციაზეც არ მივიდა.

პორტალი აღნიშნავს, რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ალბათ კლუბის სატრანსფერო აქტივობითაც უკმაყოფილოა. აქ ყურადღების ცენტრშია ვიქტორ ოსიმენი, რომლის გაყიდვას საშველი არ დაადგა. ნიგერიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში არ მონაწილეობს. სანამ ოსიმენი „ნაპოლიშია”, „პარტინოპეელებს” ვერ უერთდება რომელუ ლუკაკუ, რომელთან მუშაობაც კონტეს უკვე ეჩქარება.

„ნაპოლიდან” წასვლას აპირებს ჯოვანი სიმეონეც, ასე რომ კონტე თავდასხმის ცენტრში მხოლოდ ჯაკომო რასპადორის იმედადაა. რასპადორი კი ფიზიკური მონაცემებით და უნარებით გამოკვეთილი 9 ნომერი არ არის.

კონტე აგრეთვე ელოდება შოტლანდიელი ბილი გილმორის ყიდვას. მწვრთნელს გუნდი სერია A-ს სეზონის დასაწყისისთვის ჰყავს მოსამზადებელი, ჩემპიონატი კი სულ მალე, 17 აგვისტოს იწყება.

10  აგვისტოს „აძური” იტალიის თასზე „მოდენას” მასპინძლობს.