„ნაპოლიმ” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა – 0:2. ეს მოხდა კასტელ დი სანგროში, ამხანაგურ შეხვედრაში ესპანური „ჟირონას” წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
კონტემ მოედანზე იგივე თერთმეტეული გაიყვანა, რომელსაც წინა მატჩში ფრანგულ „ბრესტთან” დაეყრდნო, მაგრამ ამჯერად იმედი გაუცრუვდა. „ჟირონამ” თამაში მძლავრად დაიწყო და „აძურის” დაცვა იმთავითვე წნეხის ქვეშ მოაქცია. 23-ე წუთზე მეკარე ალექს მერეტის უხეშმა შეცდომამ დონი ვან დენ ბეეკს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. ჩამორჩენას მასპინძლებმა ღირსეული პასუხი ვერ გასცეს. შესვენების შემდეგ „პარტენოპეელებს” ჰქონდათ ორიოდ მომენტი, მაგრამ ამან ვერაფერი მოიტანა. 81-ე წუთზე კი ტონი ვილიამ „ჟირონას” მეორე გოლი შეაგდო.
„წაგება სტიმული უნდა იყოს, რომელზე დაყრდნობით მდგომარეობას გამოვასწორებთ. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტაქტიკურად ასევე ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. სატრანსფერო ბაზარზე კი დავფიქრდებით. კლუბთან ერთად გადავწყვეტთ ღირს თუ არა ახალი ფეხბურთელების ყიდვა. განსაკუთრებით თავდასხმაა ასაწონ-დასაწონი”, — თქვა მატჩის შემდეგ კონტემ.
„ნაპოლის” შემდეგი შეხვედრა 10 აგვისტოს იტალიის თასზე, „მოდენას” წინააღმდეგ აქვს.