საფრანგეთისა და არგენტინის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებებმა იჩხუბეს. ფრანგებმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს, ისინი კი საფინალო სასტვენის შემდეგ მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ფეხბურთელებს მხარი დელეგაციის წევრებმა, სამწვრთნელო შტაბებმა და სტაფის წევრებმაც აუბეს. ცხადია იყვნენ გამშველებლებიც.
კონფლიქტი მას მერე დაიწყო, რაც ფრანგები ნახევარფინალში გასვლის აღსანიშნავად მოედანზე გავარდნენ. ამავე დროს მოედანზე არგენტინელი მწვრთნელები და სათადარიგოებიც შეცვივდნენ. სწორედ აქ დაიწყო ხელის კვრა და მუჯლუგუნები. არგენტინელებმა უპირველეს ყოვლისა „შტუტგარტის” ფრანგ ნახევარმცველ, 22 წლის ენცო მილოს შეუტიეს. როგორც ამბობენ, მილომ „ლურჯების” გამარჯვება მეტოქის დასანახად გამაღიზიანებლად იზეიმა.
„მინდა ბოდიში მოვიხადო. მე ეს არ მინდოდა, ვერაფერს ვაკონტროლებდი, — თქვა პრეს-კონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ, — მილომ მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. ეს ვერაფერს შეცვლის. მე ასეთი რაღაცები არ მიყვარს”.
ადვილი მისახვედრია, რომ წუხანდელი ჩხუბი ერთი თვის წინანდელი ამბის გამოძახილია. ოლიმპიური გუნდები არაფერ შუაშია, ყველაფრის თავი და თავი არგენტინელი ფეხბურთელი ენცო ფერნანდესი გახლდათ, რომელმაც 15 ივლისს „კოპა ამერიკას” მოგების შემდეგ, ავტობუსში ფრანგების შეურაცხმყოფელი სიმღერა ჩაწერა და სოციალურ ქსელში დადო. ფერნანდესი მღეროდა, რომ ფრანგი ფეხბურთელები ანგოლელები არიან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალში ერთმანეთს სწორედ არგენტინა და საფრანგეთი შეხვდნენ. არგენტინელებმა პენალტებით მოიგეს და მას მერე ნიშნისმოგებით ზეიმს განაგრძობენ. კონფლიქტმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ამ საკითხზე ქვეყნების პრეზიდენტებმაც კი ილაპარაკეს.