„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი მაურო მელუზო „სქაი სპორტის” გადაცემა Speciale Calciomercato-ში გამოჩნდა. მან თქვა:

პიოტრ ჟელინსკის „ინტერში” გადასვლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღეს გული მწყდება საქმის მოსაგვარებლად უფრო რადიკალური ნაბიჯები რომ არ გადავდგი. პოლონელი როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფასდაუდებელი ფეხბურთელია.

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი რომ გაჭიანურდა გასაკვირი არ არის. როდესაც მოთხოვნა დიდია, ფასიც იზრდება. ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს. თან ინგლისსა და არაბეთში ვაჭრობა ჯერ არ არის პიკზე. გარწმუნებთ, გამოსავალი მოიძებნება. „ნაპოლი” შექმნილ ვითარებას საუკეთესოდ გაართმევს თავს.

კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკები გაგრძელდება. გამოსავალი აქაც აუცილებლად მოიძებნება. ის მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კონტე კი მომთხოვნი კაცია. კონტე ყველაფერს თავიდანვე მკაფიოდ ამბობს.

„ნაპოლი” ძალიან კარგად შეიარაღდა. „მილანმა” პაულუ ფონსეკას სახით ჩინებული მწვრთნელი აიყვანა. მე მისი მუშაობა „რომაშიც” ძალიან მომწონდა.

„ინტერმა” მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაიმატა. მათ თავისუფალი აგენტები აიყვანა, მაგრამ ყველანი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. ვფიქრობ, ახალ სეზონში „ნერაძური” გასული სეზონივით ძლიერი იქნება, თუმცა არის ერთი გარემოება: ტიტულის დაცვა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. კონკურენტები გაცილებით მომზადებულები არიან. ვფიქრობ, ძალიან ამაღელვებელი ჩემპიონატი გვიახლოვდება.

ალბერტ გუდმუნდსონის „ნაპოლიში” გადასვლა რეალური არ არის. „ნაპოლიში” რომ ვმუშაობდი „ჯენოასთან” სხვა თემებზე გვქონდა მოლაპარაკებები, ისლანდიელზე კი არა.

იესპერ ლინდსტრომი „ნაპოლის” იმთავითვე ჰყავდა შეგულებული. მისი მარადონაზე გადასვლა კრისტიან ჯიუნტოლის ჯერ კიდევ სკუდეტოს მოგებამდე ჰქონდა დაგეგმილი. ჩემს დროს ამ ტრანსფერს უბრალოდ ხორცი შეესხა”.